თბილისში ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 43%-ითაა გაზრდილი, რაც გასულ თვეებთან შედარებით პიკური მაჩვენებელია – ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს კვლევაში.
ორგანიზაციის ცნობით, თბილისში, 2021 წლის ნოემბერში 3,541 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია. უნდა აღინიშნოს რომ 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფომ 150 სამხედრო მოსამსახურეს გადასცა ახალაშენებული ბინა ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში. ამ მაჩვენებელის გათვალისწინების გარეშე, მოთხოვნის ზრდა 26% იქნებოდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 162 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2021 წლის ნოემბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,416 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 40%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.
2021 წლის ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 27%-ით, 48 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა. მედიუმ და პრემიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, 33% და 30%-ით გაიზარდა.
ინფორმაციას Colliers International Georgia ავრცელებს.