LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტები დაიწყო

638
ფორტუნა - 2023-09-23T213544.848

22 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის დიდ დარბაზში XV საიუბილეო  საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების“ დასკვნითი კონცერტების პირველი საღამო გაიმართა.

მსმენელის წინაშე წარსდგნენ  მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები: იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი ,უნიჭიერესი ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე, საქართველოს ეროვნული ორკესტრი.

კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდა ჯუზეპე ვერდის – „ბედის ძალა“ – უვერტიურა, ჯაკომო პუჩინის – „მანონ ლესკო“ – ინტერმეცო, ჯოაკინო როსინის – „ვილჰელმ ტელი“ – უვერტიურა, უმბერტო ჯორდანოს – „ფედორა“ – უვერტიურა, პიეტრო მასკანის – „მეგობარი ფრიცი“ – ინტერმეცო.

კონცერტზე ბეატრიჩე ვენეციმ, ფესტივალის პარტნიორთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა უვერტიურები და ინტერმეცოები იტალიური ოპერებიდან, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებულ მევიოლინესთან, ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებულთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

“თბილისში უდიდესი წარმატებით ჩაიარა “ღამის სერენადები 2023-“ის გახსნითმა კონცერტმა, სადაც იტალიური საოპერო ხელოვნების დაუვიწყარი ნიმუშები აჟღერდა. იტალიური რომანტიული შარმითა და დასავლურ-ევროპული დახვეწილობით უნიჭიერესმა ბეატრიჩე ვანეციმ ვერდის, პუჩინის, როსინის, მასკანის უვერტიურები ბრწყინვალედ შესრულდა.

გამორჩეულმა ახალგაზრდა მევიოლინემ ვერიკო ჭუმბურიძემ საოცარი ვირტუოზობითა და ღრმა წვდომით გააოცა პუბლიკა ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტით შესრულებით. აღფრთოვანებული პუბლიკა “ბრავოს” და “ბისის” შეძახილებით დიდხანს არ უშვებდა სოლისტს სცენიდან.

მოხარული ვარ, რომ “ღამის სერენადების” თბილისის გახსნითმა კონცერტმა ასე კარგად ჩაიარა.”

ენრიკო ვალვო, იტალიის ელჩი საქართველოში:

“ფესტივალი “ღამის სერენადები” უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა საქართველოსთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩართული ვართ ამ ფესტივალში და საქართველოში ჩვენი უნიჭიერესი და გამორჩეული ხელოვანები ჩამოდიან. საქართველოსა და იტალიის კულტურული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. კოლაბორაცია აუცილებელია ამ 2 ქვეყნის ხელოვანებისთვის.

კარგი იქნება, ფესტივალი დაბრუნდეს იქ, საიდანაც დაიწყო – აფხაზეთში, ბიჭვინთაში. წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდა – დაიწყო ბორჯომში, გაგრძელდა ბათუში და ახლა უკვე დასკვნითი კონცერტებით თბილისში გადმოინაცვლა.

წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს დაუვიწყარი დღესასწაულის მოსაწყობად.”

მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი:

“თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ფესტივალს “ღამის სერენადები” და ულოცავს საიუბილეო მე-15 ფესტივალის წარმატებით ჩატარებას.

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალს, ტრადიციულად, ეწვივნენ გამოჩენილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარი დღეები აჩუქეს.

მინდა წარმატებებს ვუსურვო “ღამის სერენადებს”. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი დაუვიწყარი საღამო გველოდება.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი  ქ.ბორჯომში, ქ.ბათუმსა და  ქ.თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ფესტივალის საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები“. ორკესტრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე. ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

„ღამის სერენადების“ მხარდამჭერია : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია,ბათუმის მერია,   ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

„ღამის სერენადების“ წლევანდელი, საიუბილეო ფსტივალი უფრო გაფართოვდა.  ფესტივალი გაიხსნა ბორჯომში,  სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“.  გალა კონცერტში მონაწილეობდნენ  საბინე გროფმაიერი – კლარნეტი, გერმანია, ეილიკა ვუნში – სოპრანო, გერმანია, გიორგი ონიანი – ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია, ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი.

ბათუმური კონცერტებს მასპინძლობდა ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეილიკა  ვუნში – სოპრანო, გერმანია, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია. ჰეიონ პარკი ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით, თამარ ლიჩელი.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას –  მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

ფესტივალის  ორგანიზატორი კომპანიაა „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ამავე წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა და გიორგი ისაკაძეების მიერ შექმნილი კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისერი ლელა მჭედლიძე), რომლის შემადგენლობაში შედიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

”ღამის სერენადების“  მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g