თბილისის მერია რამდენიმე გზის კაპიტალურ შეკეთებას ახორციელებს. როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამება-მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. გზის ერთ მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა, მონტაჟდება კიუეტები. ასევე მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა. მიმდინარე ტერიტორიაზე არასდროს ყოფილა გზა, შესაბამისად სამუშაოები ნულიდან დაიწყო. აღნიშნული გზა ორკილომეტრიანი იქნება და იგი ავლაბარს მახათას დასახლებასთან დააკავშირებს. მერიაში განმარტავებ, რომ ეს გზა ქალაქში მოძრაობის განტვირთვას დაეხმარება. სამუშაოები მიმდინარე წლის 19 ივნისს დასრულდება.
მერიის ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობს კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციაც. რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები უკვე დასრულებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდა და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. პროექტი სავარაუდოდ მაისის ბოლოს დასრულდება.
გარდა ამისა, დიდუბის რაიონში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი ხორციელდება, პარალელურად ასფალტის საფარის ქვედა ფენა იგება. ამ დროისათვის უკვე დაიგო 500 ტონა ასფალტის ახალი საფარი. ასევე ეწყობა ახალი ბორდიურები. სამუშაოები 19 ივნისს დასრულდება.
მერიაში აცხადებენ, რომ სამგორის რაიონში დაიწყო პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის კაპიტალური შეკეთება. ამ ეტაპზე, სამ კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი, ინერტული მასალის შეტანა და გასწორება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის ახალი საფარი. პროექტის მიხედვით, გზის პარალელურად, მოეწყობა ახალი სანიაღვრე არხი. პატარა ლილოს დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ივნისს დასრულდება.
გარდა ამისა, წყნეთში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ქუჩებზე: კოსტავა, თბილისი, ტაბიძე, სააკაძე. სამუშაოები 3 მაისს დაიწყო და 90 კალენდარული დღის განმავლობაში დასრულდება.
რაც შეეხება, კრწანისი- შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობას, მერიაში აცხადებენ, რომ ეს პროექტი მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გზის მშენებლობის აუცილებლობა განპირობებულია საავტომობილო მიმოსვლის განმუხტვისთვის სოლოლაკში (ამაღლების ქუჩის განტვირთვა, რომელიც არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით), ასევე თავისუფლების მოედანზე.
სამუშაოები 18 აპრილს დაიწყო და 125 კალენდარულ დღეში დასრულდება.
დედაქალქის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები შემდეგ ქუჩებზე:
- თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა
- წყნეთი- არსენას ქუჩა (ნაწილი); თამარ მეფის ქუჩა
ტენდერი გამოცხადებულია და ახლო მომავალში დაიწყება სამუშაოები შემდეგ ობიექტებზე:
- თბილისი, ვაკის რაიონი, ბ. ჟღენტის ქუჩა
- თბილისი, ვაკის რაიონი, ნუცუბიძის ქუჩა
