ცოტა ხნის წინ თბილისში, ია კარგარეთელის #11-ში, ისტორიულ, გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობაში, რომელსაც დედაქალაქში გერმანელი მეცენატის ფრიდრიხ ვეტცელის სახლად იცნობენ, კვების ახალი ობიექტი – სასოსისე „ქილები“ გაიხსნა.
თორნიკე კაციტაძე, სასოსისეს „ქილები“ დამფუძნებელი:
„მოგეხსენებათ, ადრე თბილისში რამდენიმე სასოსისე ფუნქციონირებდა, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო. სწორედ მათი ნოსტალგიით და ქალაქური ურთიერთობების აღდგენის სურვილით (როცა უცხო არ იყო მაგიდებს შორის გამოლაპარაკება, კათხა ლუდზე საერთო ენის გამონახვა), გადავწყვიტეთ ისეთი ობიექტი გაგვეხსნა, სადაც ნაცნობი, თუ ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები ერთად ისიამოვნებდნენ მენიუთიც და გარემოთიც.

სასოსისეს „ქილები“ იმიტომ ჰქვია, რომ შეკვეთილი სოსისები ქილებში მოდის – გვინდოდა, რომ მიწოდების სტილი განსხვავებული ყოფილიყო. ასევე გვსურდა, რომ დღევანდელი ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, როცა ადამიანს ბევრი დრო არ აქვს საჭმელზე საფიქრალად, შესაკვეთად და დასალოდებლად, შექმნილიყო ისეთი მენიუ, საიდანაც შეკვეთილი კერძი უმოკლეს დროში მივიდოდა სტუმართან. აქვე დავძენ, რომ ჩვენი მენიუსთვის ყველა კერძი შერჩეულია და თითოეული მათგანი მზადდება პროფესიონალი შეფმზარეულის მიერ. ამასთან, პროდუქცია, რომელზეც მენიუა ბაზირებული, ყოველდღიურად ახალი, შემოწმებული და სერტიფიცირებულია.

სასოსისე „ქილები“ ერთი თვის წინ გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში უკვე ერთგული მომხმარებლებიც გაგვიჩნდნენ. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: სასოსისე იხსნება დილის 9 საათზე (რაც ნაბახუსევ ადამიანებს განსაკუთრებით ახარებთ), გვაქვს მარტივი მენიუ, ლოიალური ფასები, შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო 6-7 წუთს შეადგენს, ობიექტის ინტერიერი აღჭურვილია მონიტორებით სპორტული ღონისძიებებისთვის თვალის სადევნებლად“.

როგორც თორნიკე კაციტაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, უახლოეს მომავალში სასოსისე „ქილები“ თბილისის სხვა უბნებშიც გაიხსნება, რადგან კვების აღნიშნული ობიექტის დამფუძნებლების სურვილი სასოსისეების ქსელის შექმნაა.
