LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

622
60+ კლუბი

თბილისში, ლადო ასათიანის სახელობის №6 ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბის“ ახალი ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა.

კლუბის წევრებმა, ღონისძიების ფარგლებში, წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.

„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის თბილისის მუნიციპალური სერვისი, რომელიც განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, სოციალური ჩართულობისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას.

ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე, ფილიალის გახსნაზე იმყოფებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფლორენს ბაუერი და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოს და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორი მარიამ ხანი.

„60+ კლუბი“ 2022 წლის ოქტომბერში დაარსდა და დღეს უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს: საბურთალოზე – მირზა გელოვანის სახელობის №2 ბიბლიოთეკაში, თბილისის ზღვის დასახლებაში – თემქის მედიათეკაში და დიღომში – №6 ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში. კლუბი 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ინტერესი მუდმივად იზრდება.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.

magti 5g