თბილისი მრავალფეროვანი და მრავალფუნქციური ქალაქია. დღეს ერთის მხრივ ოჯახის სიწმინდის დღეა, მეორე მხარეს უმცირესობები იცავენ უფლებებს, ზოგი თავისუფალ ცხოვრებას და მოწევის ნების შემსუბუქებას ითხოვს (ცეკვისაც), საპირისპირო აზრს სხვა კატეგორიის ხალხი წარმოადგენს და ასე დაუსრულებლად.
ამასობაში კი საქართველოს დედაქალაქს შუასაუკუნეების პეწი შემოეპარა. დღეს დილით რუსთაველზე, „გალერია თბილისის“ სიახლოვეს ცხენზე ამხედრებული რაინდი გამოჩნდა, რომელმაც უმალ მიიპყრო ყურადღება და გამვლელებმა და უცხოელმა ტურისტებმა სასწრაფოდ ტელეფონები მოიმარჯვეს.
ვისაც გიოცნებიათ ცხენზე ამხედრებულ პრინცებსა თუ რაინდებზე, მიბრძანდით თავისუფლების მოედანზე. მართალია არც ცხენია თეთრი რაში და მთლად რაინდიც არ გამოიყურება ზღაპრულად, მაგრამ ახლა დიდი არჩევანის და წუნიაობის დრო არ არის.