LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა – კიდევ რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საკრებულომ

88
tbilisikucha

დედაქალაქის საკრებულოში დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა გაიმართა, რომელზედაც დეპუტატებმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხს მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძოდ, საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის, ხოლო მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს დაერქვა.

„ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას- კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის დაერქვა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს კი არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მომღერლის ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის №220 საჯარო სკოლა კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.

ყველა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულია საჯარო განხილვების პროცესი და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილის ოჯახს, დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა (2003 წლიდან) სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დედაქალაქის საკრებულოს ცნობით, საკითხს „ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს მხარი.

„მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ“ – ეს იყო, ქართველი გმირის, ჯუმბერ ბეთაშვილი პასუხი შეთავაზებაზე სასწრაფოდ დაეტოვებინა აფხაზი სეპარატისტების, რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ აღებული სოხუმი. მან პირობა შეასრულა.

ბოლოს, ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ნახეს, როდესაც ხელებშეკრული გამოიყვანეს ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ 54 წლის ქართველი გმირი აღარავის უნახავს.

ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა ზემელზე, სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი მეგობრები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი. მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჯუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი. მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირა და ოჯახიც იქ შექმნა.  ჯუმბერ ბეთაშვილი – დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, ასევე, საკრებულოს გადაწყვეტილებითა და თბილისის მთავრობის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედროებს, მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავ ქონება, სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედროები აღნიშნულ ქონებას 2007-2013 წლებიდან ფლობენ. სულ ასეთი ოჯახების რაოდენობა 54 შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი მუნიციპალიტეტის მიერ საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია. საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ათი ოჯახი და ეს პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g