თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა.
ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ბაღის პედაგოგს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც შესაბამისი მკურნალობის კურსი დაენიშნება.
ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სრულად დააფინანსებს.
თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი შემთხვევების დროულად გამოვლენის მიზნით.