დღეს თბილისში საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ტარდება და მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.
როგორც პალატის პრესსამსახურში განმარტავენ, ბიზნეს-ფორუმი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ახალი კონტაქტების დამყარებას.
“ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ავსტრიის ბიზნეს-სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ჩამოვიდა. მათ ინტერესში ადგილობრივ ბიზნეს-სექტორთან კომუნიკაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება შედის. ქართულ ბიზნეს-სექტორს საშუალება აქვს პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები გამართოს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელოს. ავსტრიის ბიზნესდელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: ჰიდროელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ბიზნეს-ფორუმზე დასასწრებად ქართული ბიზნეს-სექტორის 50-მდე წარმომადგენელი დარეგისტრირდა“, – განმარტავენ სავაჭრო პალატაში.
მათივე ცნობით, ფორუმის პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაციები ავსტრიული და ქართული კომპანიების შესახებ, შემდეგ კი ღონისძიება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრების რეჟიმში წარიმართება.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს. ორი ქვეყნის ბიზნესსექტორების დაკავშირებისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, პალატები სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს ახორციელებენ.