LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა იხსნება

223

30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech გაიმართება. გამოფენა მოიცავს მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეს.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საგამოფენო სტენდებზე განთავსებულია 11 ქვეყნის (საქართველო,უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, იტალია, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, გერმანია, ლიტვა, თურქეთი) 150-მდე კომპანია. მათივე ცნობით, Agro/Food/Drink/Tech 2016-ზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე სასმელები და კვების პროდუქტები.

ამასთან, Agro/Food/Drink/Tech2016-ის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის პროგრამის ENAPRD-ის მხარდაჭერით, მე-6 პავილიონში, 40-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან) წარმოებული პროდუქციის – თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი – გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

Agro/Food/Drink/Tech2016-ზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, გასული წლების მსგავსად, დაესწრებიან მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა 30 ნოემბერს 11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში იხსნება. გამოფენას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g