ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციის „People In Need“ მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქართველოს წითელი ჯვარი, Parki Ar Minda და Eliots Sustainability), თბილისში სურსათის პირველი ბანკი გაიხსნა.
საპილოტე პროექტის განხორციელებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენია“ იყო ჩართული, რომელმაც ისანში ავტორიზებული სასაწყობო სივრცე მოაწყო და სურსათის გადანაწილებას კურირებს.
პროცესში საცალო ვაჭრობის ქსელებიც აქტიურად ერთვებიან, მალე სწორედ მათ ობიექტებზე განთავსდება სპეციალური ყუთები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილის შეტანა რიგითმა მოქალაქეებმაც შეძლონ.
ცნობისთვის, სურსათის ბანკის საპილოტე პროექტი უახლოეს მომავალში წყალტუბოშიც განხორციელდება, სადაც 1000 ბენეფიციარი დაკმაყოფილდება. სურსათის ბანკი შესაძლოა, ფოთსა და ხაშურშიც გაიხსნას, თუმცა ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერჯერობით არ დაწყებულა.
სურსათის ბანკიდან ბენეფიციარებზე გაიცემა მხოლოდ არამალფუჭებადი, დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია, ანუ გამოირიცხება ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და პურ-ფუნთუშეული. პროდუქციის გაცემის ინტერვალი დამოკიდებული იქნება შეგროვებული პროდუქციის რაოდენობაზე. ბენეფიციარებს სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობებათ დონაციის გაცემის დღეების შესახებ.