თბილისში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტანვრჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი ”ვითიბი არენა” გაიხსნა. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაზიანებული სპორტული ცენტრის სრული რეაბილიტაცია VTB ბანკმა განახორციელა. ცენტრის აღსადგენად, კომპანიამ მილიონ ორასი ათასი ლარი გამოყო. ამ თანხით შენობის სარემონტო სამუშაოები და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა დაფინანსდა.
როგორც VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ აღნიშნა, კომპანია აქტიურად არის ჩართული ისეთ საკითხებში, რომლებიც ქართული სპორტის განვითარებას ეხება.
”თბილისში ერთი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ, პრაქტიკულად, მთლიანად გაანადგურა ტანვარჯიშის ფედერაციის შენობა. VTB ბანკი 2014 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია. ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი თანადგომა გამოგვეხატა და სრულად დავაფინანსეთ აღდგენითი სამუშაოები და ახალი საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინვენტარის შეძენა. მოხარულები ვართ, რომ ერთი წლის თავზე განახლებულ სპორტულ ცენტრში ათასამდე სპორტსმენს და მოზარდს ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა”, – განაცხადა არჩის კონცელიძემ.
”ვითიბი არენას” გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდნენ.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, VTB ბანკის წვლილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ძალიან დიდია.
”განახლებულ დარბაზში, რომელიც სტიქიის შედეგად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სპორტით დაკავებულ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ კომფორტულ და კარგ პირობებში ივარჯიშონ. VTB ბანკმა მნიშვნელოვანი მხარდჭერა გამოუცხადა ტანვარჯიშის ფედერაციას. ეს ბიზნესის და სახელმწიფოს თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია და მინდა თბილისის მერიის სახელით ყველა იმ კომპანიას გადავუხადო მადლობა, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სტიქიის მიერ დაზარალებულთა მხარდასაჭერად”, – განაცხადა ლექვინაძემ.
განახლებულ სპორტულ ცენტრ ”ვითიბი არენაში” მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის დარბაზებია განთავსებული. ცენტრი ყოველდღიურად 285 ბენეფიციარს ემსახურება. აქედან უფასო მომსახურებით 57 სოციალურად დაუცველი მოზარდი სარგებლობს.