LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

76

ისრაელის კომპანია Elbit Cyclone დაინტერესებულია თბილისში თვითმფინავების ნაწილების  მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დათქმულ ვადაზე ადრე დაასრულოს. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, Elbit Cyclone-ის  წარმომადგენლებმა ქარხნის შენობის, აღჭურვილობისა და მიმდებარე ტერიტორიის დიზაინის პრეზენტაცია გამართეს.  შეხვედრაზე  პარტნიორი კომპანიისა და ფონდის წარმომადგენლებმა  პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხნის მშენებლობას საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი სექტემბერში ჩაუყარა. ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.  ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები.

ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები.

პროექტის თანახმად ქარხნის მშენებლობა 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო 2018 წლის დასაწყისში პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება იგეგმება.

85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g