20 აგვისტოდან, თბილისში „ვახშამი ცაში“ ისევ შესაძლებელი იქნება, – ინფორმაციას თავად რესტორანი Dinner In The Sky Georgia ავრცელებს.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ბელგიური კომპანიის ფრენჩაიზი საქართველოში- „ვახშამი ცაში” პანდემიის შემდეგ, კვლავ იხსნება. ეს არის რესტორანი, რომელიც გთავაზობთ მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უნიკალურ გარემოში ვახშმობით, 360 გრადუსიანი ხედებით თბილისზე.
პლატფორმა ამწეს საშუალებით ჩერდება ცაში 50 მეტრის სიმაღლეზე, სადაც შეფი თქვენს თვალწინ მოამზადებს 4 სახეობის კერძს, ჩვენი სომელიე უზრუნველგყოფთ შეუზღუდავი რაოდენობის ქართული ღვინით და მუსიკოსები, რომლებიც დაუკრავენ თქვენთვის, სანამ ტკბებით თბილისის შესანიშნავი პანორამით.
Forbes.com-მა „ვახშამი ცაში” შეიყვანა ყველაზე უჩვეულო რესტორნების ათეულში, ეს არის ყველაზე უნიკალური ვახშამი, რომელიც შეგიძლია გამოსცადო! ვის აქვს სურვილი მოხვდეს სუფრაზე ცაში?“, – ნათქვამია ორიგინალური რესტორნის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში ფუნქციონირება ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი კონცეფციის რესტორანმა 2019 წლის მაისში დაიწყო. კვების ობიექტი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრშია განთავსებული.
რესტორნის ოფიციალური სახელწოდება Dinner in the Sky-ია და ის ამავე სახელწოდების კონცეფციის მიხედვით აშენდა. აღსანიშნავია, რომ Dinner in the Sky-ის კონცეფციის რესტორნები მსოფლიოს 70 ქვეყანაში ფუნქციონირებს, პირველი კი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.
რაც შეეხება უშუალოდ კოჯორში აშენებულ Dinner in the Sky-ის რესტორანს, ის სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან ივახშმონ. როგორც Dinner in the Sky Georgia-ს ვებგვერდზე წერია, ფრენა სრულიად უსაფრთხოა. აღსანიშნავია, რომ რესტორანს ერთდროულად 22 ადამიანის მომსახურება შეუძლია.