LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელეფონი ვიყიდე, რომ ინტერნეტით შემძლებოდა სწავლა, 0.8 ქულა დამაკლდა და ამის გამო სტუდენტი ვერ გავხდი”

756
118476085-797207407689375-2521999786078667634-n

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. გარდა იმისა, რომ აბიტურიენტების მღელვარების დონე პანდემიამ აწია – 2020 წელს პირველად გამოცდებმა სავალდებულო “უნარების” გარეშე და შეზღუდული “არჩევითი საგნებით” ჩაიარა.

დათო წელს აბიტურიენტი იყო. უმრავლესობისგან იმით გამოირჩეოდა, რომ მუშაობდა და პარალელურად, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, შინ სწავლობდა. პანდემიის გამო, სწავლის გაგრძელება ონლაინ მოუწია, ამისთვის ტელეფონიც კი შეიძინა, თუმცა ამბობს, რომ მათემატიკის ინტერნეტით სწავლა ძალიან გაუჭირდა და სწორედ ამ საგანში ჩაიჭრა.

დააკლდა სულ რაღაც 0.8 ქულა – გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო.

 

  • სად გსურდათ გესწავლათ და რამ შეგიშალათ ხელი?

ინფორმატიკაზე მინდოდა ჩაბარება. ჩემით ვემზადებოდი სახლში. ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ინტერნეტით ვსწავლობდი ინგლისურს და სხვა საგნებსაც. ჰუმანიტარულ საგნებში ძალიან მაღალი ქულები მყავდა – 50, 70-ზე მაღალი, მაგრამ მათემატიკა გამიჭირდა. ისედაც რთულია მათემატიკის სწავლა და ინტერნეტით ორმაგად.

წინა წელს მყავდა მეგობარი, რომელმაც გეოგრაფიით ჩააბარა ინფორმატიკაზე.

მე არ მაქვს მათემატიკის ნიჭი, მაგრამ წელს, ცვლილებების გამო, სხვა გზა არ მქონდა – ახლა ინფორმატიკაზე მხოლოდ მათემატიკით შეიძლება მოხვდე.

ეს ჩემი აზრით ძალიან ცუდი პრაქტიკაა. ბავშვებს აიძულებენ მათემატიკის ჩაბარებას და არ ფიქრობენ რამდენად შეუძლიათ ეს და რამდენად გამოადგებათ ასეთი დონის მათემატიკა. დარწმუნებული ვარ, წელს იქნება უპრეცედენტოდ ბევრი დაბალქულიანი ამ საგანში.

  • მათემატიკა ხომ გამოგადგებოდათ ინფორმატიკაზე სწავლისას? ანუ უნივერსიტეტშიც ხომ მოგიწევდათ ამ საგნის სწავლა?

დიახ, საჭიროა, თუმცა არა ამ დონის მათემატიკა, რასაც გამოცდებზე ითხოვდნენ.

  • მართალია საქართველოში პრაქტიკაში დამკვიდრდა, რომ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის მომზადება აუცილებელია, თუმცა წესით, სკოლა უნდა აძლევდეს იმდენ განათლებას ბავშვს, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება მოახერხოს? თქვენ სკოლიდან ვერ მიიღეთ საჭირო ცოდნა?

იდეაში სკოლაში შესაძლებელია იმ ცოდნის მიღება, რომ შემდეგ ეროვნულები ჩააბარო, თუმცა წელს გაწირეს ბავშვები. მათემატიკაში წელს ისეთი ამოცანები იყო, რომლების ამოხსნა კომაროვის სკოლადამთავრებულებსაც გაუჭირდათ. ოლიმპიადის ამოცანები იყო. ვინც ემზადებოდა მათაც გაუჭირდა მაღალი ქულების აღება. ვფიქრობ, ამოცანები უნდა იყოს უფრო მარტივი და სკოლის პროგრამასთან მიახლოებული, რადგან ბავშვმა 12 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნით ჩააბაროს უნივერსიტეტში.

თავს დავდებ, წელს რეპეტიტორის გარეშე, რამდენიმე ბავშვი თუ ჩააბარებდა.

  • პანდემიამ შეგიშალათ ხელი ცოდნის მიღებაში?

ვმუშაობ, ტელეფონი შევიძინე რომ ინტერნეტით შემძლებოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან რთულია ინტერნეტით ისწავლოთ მათემატიკა. არ აქვს მნიშვნელობა მასწავლებელი გასწავლის ამას ინტერნეტით თუ არა. ონლაინ სწავლება ძალიან რთულია, ამიტომ არანაირი შედეგი არ გამოიღო, ტექნიკურ საგნებზე.

  • რას აპირებთ, მომავალ წელსაც უნდა სცადოთ ჩაბარება?

აუცილებლად. ჩავაბარებ და მივაღწევ ჩემს მიზნებს. ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი ჩემთვის. არ დავნებდები არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ის შრომა და ის ყველაფერი, რაც ჩავდე 1 წლის განმავლობაში, არ დამიფასდა. 0.8 ქულის გამო არ ვარ სტუდენტი.

  • პროფესიულ სასწავლებაში ჩაბარებაზე არ გიფიქრიათ?

ზუსტად ამაზე ვფიქრობ, რაც შედეგები გავიგე. თუმცა ჯერ ინფორმაცია სრულად არ მაქვს მოძიებული.

  • რას ეტყოდით განათლების სამინისტროს, როგორც აბიტურიენტი, რომელიც 0.8 ქულის გამო სტუდენტი ვერ გახდა

შეცვალონ ეს სისტემა. იფიქრონ ჩვენზე, აბიტურიენტებზე და ნუ გვაიძულებენ ტექნიკური საგნების ჩაბარებას. როგორც იყო არჩევითი რამდენიმე საგანი წინა წელს, უკეთესი იყო.
ჩვენზე მორგებული უნდა იყოს გამოცდები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g