საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელევიზიის მესამე კორპუსში ყველა თანამშრომელი დაეტევა. პირველი არხის ინფორმაციით, ამის შესახებ გენდირექტორმა „მოამბესთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები აკვირვებს.
„ჩვენ შევამოწმეთ ე.წ. მესამე კორპუსი, რომელიც ამ შენობის უკან დგას. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საღი შენობა; ეს არის უნიკალური შენობა, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი სტუდია ფაქტობრივად, საქართველოში მეორე არ არის. ეს ტელევიზია გადავა და მთლიანად დაეტევა ამ შენობაში. ხოლო, ამ დანარჩენ ტერიტორიას ბორდი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს.
ახლა უკვე, როდესაც ეს გახდა ცნობილი, ძალიან მიკვირს ბორდის ზოგიერთი წევრის, გნებავთ, ზოგიერთი თანამშრომლის, რომელიც უცებ ატყდა შენობის გაყიდვის თემაზე.
რასაკვირველია, მსგავსი არაფერი მოხდება და ახლა, კითხვას ვსვამ, რამე ზედმეტი ინტერესი ხომ არ ჰქონდათ და რატომ ტეხენ ამ აჟიოტაჟს“, – აცხადებს მაღლაფერიძე.
ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს გენდირექტორის მრჩეველი ია ანთაძე და შენობის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„საუბარი არ არის, რომ რამე უნდა გასხვისდეს. ეს ტერიტორია ჩვენია, ეს შენობები ჩვენია. არანაირი განზრახვა არ არის, არც რაიმე ინტერესია. როდესაც ეკონომიკის სამინისტროზე საუბრობენ, ისინი იმიტომ გვთავაზობდნენ შენობას, რომ აქაური მენეჯმენტი ეუბნებოდა, გვიპოვეთ ტერიტორია, სადაც ახალი ტელევიზიას ავაშენებთო“, – აცხადებს ანთაძე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მათ წარუდგინეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. „წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, (ე.წ.მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა“, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.