ტელეწამყვანმა დათო გორგილაძემ გადაწყვიტა, მამუკა ბახტაძის გადადგომა იუმორისტული ჩანახატით აღენიშნა. შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2 სექტემბერს თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.
დათო გორგილაძის პოსტი:
„პრემიერი შებინდებას დაელოდა.
კანცელარიის ფანჯრებში სინათლე რიგრიგობით ჩაქრა. მხოლოდ ორი სარკმლიდან იღვრებოდა შუქი. ერთი პრემიერის კაბინეტი იყო, მეორე…
პრემიერმა მდივანს კაბინეტში შესვლა სთხოვა.
– თაკო, უნდა გადავდგე.
– ბატონო პრემიერო, ერთადერთი მმართველი ხართ, ვისი გადადგომაც არავის მოუთხოვია.
– სწორედ ეგ მწყინს.
– მესმის. ბრიფინგი მოვიწვიო? პრესას დავურეკო?
– არა, ფეისბუკზე დავწერ.
– Left Job-ს დაწერთ?
– არა, ისე. რა უჭირს. უჭირს რამე? – თავადვე დაეჭვდა პრემიერი.
– არა, რავი, არა.
– თაკო, რამე ისეთი ფოტო ხო არ მაქვს, უკან რომ ვიხედებოდე და ამაღლებული სახე მქონდეს? პოსტისთვის მინდა.
– მმმ, აბა მაფიქრეთ – მდივანი მართლა დაფიქრდა – უიიი, კი, როგორ არა, საახალწლო წვეულებაზე გადაღებული ფოტო გაქვთ.
– უკან ვიხედები? ისეთი მინდა, ვითომ წარსულს ვუყურებ.
– კი, უკან იყურებით – წაბორძიკდა მდივანი.
– რას ვუყურებ, დროშას?
– არა – მოერიდა თქმა თაკოს, მაგრამ გაბედა – აფხაზურას უყურებთ, ახალი შემოტანილია სუფრაზე, თქვენ კი უკვე გადიხართ.
მდივანი მიხვდა, რომ პრემიერმა დაიუხერხულა და ვითარების შემსუბუქება სცადა:
– თუმცა ისეთი სახე გაქვთ, თითქოს დროშას უყურებთ. საქართველოს და ევროკავშირისას ერთად.
– კარგია, ჩამიგდე.
– მეილზე?
– არა, ვატსაპში.
მდივანი კარისკენ წავიდა, რა დროსაც ქვეყნის მეთაურმა ხმა ზურგსუკან დააწია:
– თაკო, ვიცი, ამ ამბავმა უკვე გაჟონა მედიაში. თანამშრომლებმა იციან?
– არა, ბატონო პრემიერო. დაველოდეთ, რომ შუალედი ყოფილიყო.
– რა შუალედი?
– ცოტა ხნის წინ ვუთხარით, რომ პრემიერი ხართ. გვინდა, რომ რამდენიმე საათი გავიდეს, სანამ ვეტყვით, რომ აღარ ხართ პრემიერი.
– გასაგებია. მადლობა, თაკო.
– პრემიერო…