მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა შეცვალა წლებმა მის ხასიათში.
– ყველა ასაკს ცვლილებები მოაქვს ჩვენში. შენში რა შეიცვალა?
– კი, ადამიანები იცვლებიან. არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. ამიტომაც ვამბობ, ადამიანის ცხოვრება თარიღიდან თარიღამდეა. მე, მაგალითად, აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც დედაჩემის გარდაცვალებამდე ვიყავი. იმდენად დიდი რამ გავიდა ჩემი ცხოვრებიდან, რომ ეს ვერაფრით ჩაივლიდა უკვალოდ. ძალიან დიდი ბედნიერება წავიდა ჩემგან. საბედნიეროდ, ცხოვრებაში არის დიდი ბედნიერების თარიღებიც, როცა გაიცნობ გოგოს და მიხვდები, რომ „ის ის არის“ და ის შენი მეორე ნახევარი გახდება. არსებობს ისეთი თარიღები, როცა ყველაზე დიდი, რაც კი შეიძლება, დედამიწაზე გენახა, ნახავ და შეიგრძნობ. ეს მოხდა საკეისრო კვეთის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი შვილი გააჩინა და პატარა კრუასანი მე დამაწვინეს გულზე. ასეთი თარიღების შემდეგ არასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე. ცხოვრება ასეთია, ადამიანები იცვლებიან უკეთესობისკენაც, უარესობისკენაც, გააჩნია, როგორი თარიღები ჩაიწერება მათ ცხოვრებაში. თუ ცვლილებები ბედნიერებითაა გამოწვეული, ამას არაფერი სჯობს. ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დაშენებულია ჩემი არსება, არ შეცვლილა, ზეგ ყაჩაღი და მამაძაღლი არ გავხდები, რომელიც სხვისი უბედურებით ფულს იშოვის, მაგრამ ხასიათი ასაკთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან ერთად, რა თქმა უნდა, იცვლება და ეს აუცილებელიცაა ცხოვრებაში. ასაკთან ერთად, ძალიან ბევრ რამეზე აზრიც შემიცვლია. როცა მოზარდი ხარ, ბევრ საკითხს რადიკალურად უყურებ, კომპრომისსა და დიალოგს გამორიცხავ, „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“ – მსგავსი აზრებით ხარ მოსული. დღეს 37 წლის ვარ და ბევრ რამეს გაცილებით მშვიდად ვუყურებ, ვიდრე წლების წინ. ადრე მოსიარულე სამართებელივით ვიყავი (იცინის). ძალიან კარგია, რომ ეს შეიცვალა, ეს აუცილებელიც იყო.