LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტემპი, რომლითაც ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არავისთვის არ არის – ეკონომიკის მინისტრი

134
ipiccy-image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში, 4 წლის განმავლობაში, სოციალური დახმარება არ შეუჩერდებათ. მინისტრის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისას დასაქმებულის თვიური ანაზღაურება 300 ლარით განისაზღვრა.

ლევან დავითაშვილის თქმითვე, მიმდინარე წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს არის როგორც ფიზიკური შრომა, ასევე, გარკვეული საოფისე საქმიანობები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოსი,“ – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დასაქმების პროგრამა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საქართველოში განვითარების, ამ ეტაპზე, ბევრი პრობლემაა, რომელსაც გადალახვა სჭირდება.

„ტემპი, რომლითაც ქვეყანა ტრანსფორმაციას განიცდის, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი არავისთვის არ არის, რადგან ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მემკვიდრეობა 90-იანი წლების სამოქალაქო ომიდან, თუ ტერიტორიების დაკარგვიდან მოყოლებული. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი ინვესტიცია გვჭირდება, როგორც შიდა, ისე გარე, რომ ეკონომიკა იმგვარად დავაჩქაროთ, რომ შედეგები მივიღოთ. ვფიქრობ, რომ ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში არის, შეგვიძლია ეფექტიანად გამოვიყენოთ და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ასე რომ, ათობით ათასი სამუშაო ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება მობილიზებული, უკვე არის ათობით ათასი სამუშაო ადგილი იდენტიფიცირებული. როგორც პრემიერმა განაცხადა, დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილის მობილიზებას წლის განმავლობაში შევძლებთ. რატომ საზოგადოებრივი დასაქმება? რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული სამუშაო ადგილები, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g