პირველი მარტიდან თემქის ზღვისუბნის პარკში ახლად გახსნილ მედიათეკაში „ტელე-კინო აკადემიის“ პროექტები – „კრიტიკული აზროვნება“ და „კომუნიკაციის ხელოვნება“ დაიწყება. თითოეული პროექტი ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
„კომუნიკაციის ხელოვნება“ განკუთვნილია 6-10 წლის ბავშვებისთვის, ვისაც საკუთარი იდეების, ოცნებებისა და სურვილების გაზიარება, ახალი მეგობრების შეძენა და მეტი სიახლის გაგება უნდა. აღნიშნული კურსი ბავშვებს ურთიერთობისას მეტი თავისუფლების შეძენაშიც დაეხმარება, რაც გაჯეტების ეპოქაში განსაკუთრებულ პრობლემადაა ქცეული.
პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: რას ნიშნავს კომუნიკაცია, როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება პირველი კომუნიკაციისას, სამეტყველო აპარატის მომზადება და ხმოვანი ბგერების კლასიფიკაცია.
პროექტი „კრიტიკული აზროვნება“ განკუთვნილია 10-15 წლის მოზარდებისთვის – მათთვის, ვისაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება და გაცემა აინტერესებს, არამედ მიღებული ცოდნის გაანალიზება და კრიტიკული შეფასების სწავლაც უნდა. ამ მოკლე კურსით ისინი ისწავლიან, როგორ გაფილტრონ ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა საშუალებებით.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: რა არის კრიტიკული აზროვნება და როგორია მისი როლი პიროვნების განვითარებაში, როგორ გავხდეთ საკუთარი თავის კრიტიკული შემფასებლები და როგორ შევაფასოთ ყოველდღიური მოვლენები სუბიექტურად და ობიექტურად.
„კომუნიკაციის ხელოვნების“ შეხვედრები დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო „კრიტიკული აზროვნების 14:00 საათზე. თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი. შეხვედრები ჩატარდება შაბათობით (8 მარტის გარდა) და დასრულდება 29 მარტს.
მისამართი: თემქა, მე-11 მიკრორაიონი, მე-3 კვ. (ზღვისუბნის პარკის ტერიტორია).
დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ.