„თურმე სანქცია ყოფილა „ჯილდო“ და ჩვენ ამას გავუძლებთო. ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს, ვინც აქ ვსხედვართ,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მედიასთან განაცხადა.
როგორც ჭყონიამ აღნიშნა, დღევანდელი სიტუაციის განსამუხტად საჭიროა ხელახალი არჩევნები.
თემურ ჭყონია: შიდა და გარე პოლიტიკა გვაჩვენებს იმას, რომ ცუდ სიტუაციაში ვართ მეგობრებო
„შენ შეიძლება გაუძლო, გაუძელი სახლში, მეგობრებში, ქვეყანაში რას გაუძლებ. ერთმა დეპუტატმა თქვა, მე რა მინდა ნიუ-იორკშიო, ყაზბეგში გადავიღებ სურათსო, კი ბატონო, რა გინდა ნიუ-იორკში, ყაზბეგში მშვენიერი ხედებია, მე ნიუ-იორკში მინდა ყაზბეგთან ერთად.
შეიძლება მოსამართლეებმა კორპორატიულზე ერთად იქეიფონ, შალახო ერთად იცეკვონ და ერთმანეთს არ დაურეკონ, რომ რამეში მხარი არ დაუჭირონ? შეიძლება 10 წუთიან დანაშაულს 4 თვე იკვლევდე? ან კვალიფიკაცია არ გივარგა, ან დანაშაული არ არსებობს. დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება. ის რომ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა და ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რითი შევავსებთ, უნდა გვითხრან, არ ინერვიულოთ, ჩვენ ამით შევავსებთ. რომ გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა – დამელოდეთ, ეგრე სად არის? არ შეიძლება ასე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი. ჩვენ არ ვიცით სტრუქტურა როგორია ქვეყანაში და ყველაფერს თავს ვუქნევთ და თავი თუ არ დავუქნიეთ, ვართ ქვეყნის მოღალატე, ჯაშუში”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.