„ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა.
როგორც მან BPN-ს განუცხადა, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს:
თემურ ჭყონია: გვეუბნებიან, რომ 2030 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა – დამელოდეთ, ეგრე სად არის?
„დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად უნდა შევხედოთ“
„აქედან პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები. როდესაც პოლიტიკური კრიზისი იწყება, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ახალი არჩევნები, ან უნდა ნახოს პოლიტიკურმა ძალამ გამოსავალი, როგორ განაახლოს ურთიერთობები.
თუმცა, როდესაც ნდობის ფაქტორი გაქვს დაკარგული, ამის განახლება რთულია. რაც დრო გავა, სულ უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის მოძებნა. ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“. – განაცხადა თემურ ჭყონიამ.