ცნობილი ქართველი პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. პედიატრი უხსნის მშობლებს, როგორია ვირუსის მიმდინარეობის ეტაპები, რომელი პრეპარატების მიღება არაა რეკომენდებული, როგორ იმართება მაღალი ტემპერატურა ვირუსის დროს და რა აუცილებელი რეკომენდაციების გათვალისწინება გვმართებს ცხელების დროს.
„ცხელება ამბულატორიულ პედიატრიულ პრაქტიკაში დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც 35-39% -ში გვხვდება. სხეულის ტემპერატურის ნორმიდან მატება სპეციფიკური ბიოლოგიური რეაქციაა, დაკავშირებულია და კონტროლირდება ც.ნ.ს-ის მიერ.
სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურაა 37⁰C( 98,6F). ემყარება მე-19 საუკუნის კვლევებს. ტემპერატურა მერყეობს ასაკთან, დღე-ღამის ცირკადულ რიტმთან, მენსტრუალური ციკლის ფაზასთან, გარემო ტემპერატურასთან, დროსთან და სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად.
თანაფარდობა ფარენჰეიტსა და გრადუსს შორის
C⁰ ( ცელსიუსი) = (tF⁰ – 32) × 5/9
F⁰ (ფარენჰეიტი) = 9/5 × (tC⁰+32)
- ცხელება არ წარმოადგენს დაავადებას, ფიზიოლოგიური პასუხია (რეაქციაა)
• ჯანმრთელ ბავშვებში ცხელება უმეტესად არის თვითგანკურნებადი და კეთილთვისებიანი, იმ პირობით რომ მიზეზი არის ცნობილი და სითხის დანაკლისი შევსებულია. ცხელება არ იწვევს ც.ნ.ს დაზიანებას, თუ არის სერიოზული დაავადების ნიშნები საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.
• არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხელება დაავადებას აუარესებს.
• ტემპერატურის მატების შესამცირებლად, საჭიროა ბავშვის სითხეებით უზრუნველყოფა.
• ბავშვი, რომელიც ღებულობს ცხელებისთვის მკურნალობას და მიზეზი ცნობილია, არ საჭიროებს ღამით გაღვიძებას სიცხის დამწევი საშუალებების მისაღებად.
• ანტიპირეტიულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში არ უნდა დაინიშნოს ხველების ან გაციების საწინაღმდეგო ისეთი საშუალებები,რომლებიც შეიცავენ მსგავს ნივთიერებებს.
• სიცხის დამწევი საშუალებები უნდა დაინიშნოს წონის და არა ასაკის მიხედვით.
• ანტიპირეტიკების ინსტრუქცია უნდა შიეცავდეს უსაფრთხო შენახვის წესებს: როგორ გავზომოთ შესაბამისი მოცულობა, რამდენჯერ შეიძლება მიღება, მისი მოქმედების მონიტორინგს, როგორ უნდა შეწყდეს და როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს.
• არ არის მიზანშეწონილი ერთროულად სხვადასხვა ჯგუფის ანტიპირეტული საშუალებების ( აცეტამინოფენის, იბუპროფენი) მიღება.
გრიპი
• არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე,
• ცირკულირებს მსოფლიოში და შეიძელება დაასნებოვნოს ადამიანი ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფიდან,
• ყოველწლიურად იწვევს ეპიდემიებს, რომლებიც ზომიერი კლიმატის ქვეყნებში პიკს აღწევს ზამთრის პერიოდში, იწყება მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან და გრძელდება მომდევნო წლის მე-20 კვირამდე.
გრიპისთვის დამახასიათებელია მაღლი ცხელება შემცივნებით, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ჩახლეჩილი ხმა, ხველა, ცხვირის გაჭედვა, ზოგიერთ შემთხვევაში ღებინება და დიარეა. ამჟამად საქართველოში ცირკულირებს სეზონური გრიპის (A ტიპის H3N2) გრიპის ვირუსი, რომელსაც ახასიათებს 4-დან 6დღემდე ცხელება და ყველა ზემოთ აღნიშნული სიმპტომი. მდგომარეობა უმჯობესდება მე-5-6 დღიდან.თუ პაციენტის ზოგადი მდგომრეობა მძიმეა, გამოხატულია ცნობიერების მოშლა, ციანოზი, სითხის მიღების ან ძუძუს წოვის უნარის დაკარგვა, ლეთარგია, აგზნება, მიკროცირკულაციის მოშლა, სუნთქის გახშირება (0-2 თვემდე >60/წუთში, 2-დან11 თვემდე >50/წუთში, 12თვიდან 59 თვემდე >40/წუთში, 5 წლიდან >30/წუთში). საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციას.
მინდა ავღნიშნო, რომ წლევანდელი სეზონური გრიპი მიმდინარეობს უფრო მსუბუქი კლინიკური გამოვლინებებით, ვიდრე შარშანდელი H1N1,” – წერს მიქელაძე.