2019 წლამდე, სავარაუდოდ, ტენდერების ვადები გაიზრდება. როგორც ”ფორტუნას” შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ განუცხადა, ეს ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივაა.
”გვაქვს ვალდებულება ტენდერების კუთხით, რომელიც ვადების სამ თვემდე გაზრდას გულისხმობს. გვეუბნებიან, რომ ეს რაც დღეს გვაქვს, მცირე ვადებია და გვთხოვენ გაზრდას. დღეს გვაქვს – 20-დღიანი ვადა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში 40 დღემდე გრძელდება,” – განმარტა ლევან რაზმაძემ.
მისივე თქმით, მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს მიმწოდებლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, უკეთ გაეცნონ იმ საკითხებს, რაც ტენდერებში დევს. კერძოდ, საქონლის და მომსახურების მოწოდების პირობებს.
გარდა ამისა, რაზმაძის განმარტებით, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ დავების საბჭო, რომელიც სააგენტოსთან არსებობს, ცალკე, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბდეს და სააგენტოსთან შეხება არ ჰქონდეს.
შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თავმჯომარის თქმით, სააგენტომ ევროკავშირის დირექტივების შესასრულებლად 7-წლიანი გეგმა უკვე შეიმუშავა.