LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს – სამოქალაქო პანაშვიდს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან

245
თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი

ამ წუთებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან. 

თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა თენგიზ ცერცვაძის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. 

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძის კავშირები და ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

“თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული ადამიანი იყო. თენგიზმა რამდენიმე ახალგაზრდა თაობა გაზარდა, მთელი თაობები არიან ვინც დღეს საქართველოში საქმიანობენ. ამერიკის, ევროპის და ყველა დიდი უნივერსიტეტების ცენტრის კარები ღია იყო თენგიზის პირადი დამსახურებით. მისი კავშირები წარმოუდგენელი იყო. ასევე, მისი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. მან უამრავ ახალგაზრდას გაუხსნა კარი, რომ მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დაეგროვებინათ მსოფლიოს საუკეთესო ცენტრებში. ვთვლი, რომ ეს კაცი ჩემი მენტორი იყო” – განაცხადა იმნაძემ.

ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო თენგიზ ცერცვაძეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობა მასთან ერთად, სამწუხაროდ, დაიკარგა, – ამის შესახებ კი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება თენგიზ ცერცვაძის სახელს დიდი ხანი არ დაივიწყებს.

“თენგიზ ცერცვაძე გამორჩეული მოქალაქე და მეცნიერი იყო. ამ ადამიანმა ბევრჯერ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება ასახელა. მას არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ ქართველებს უზარმაზარი შესაძლებლობები და უნარები გვაქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელი გაუთქვა (იმ ასპარეზზე, რაშიც მოღვაწეობდა) მთელ ქვეყანას. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, პირველ რიგში, ადამიანურად და რა თქმა უნდა, მთლიანად დარგისთვის, ეს არის ალბათ, შეუვსებელი დანაკარგი. ძალიან ბევრი წლის ნაცნობობა მაკავშირებს ამ ადამიანთან. ეს ამბავი ჩემთვის პირადად ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო მას ჩვენი ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, ვფიქრობ, რომ ბევრი შესაძლებლობა მასთან ერთად, სამწუხაროდ, დაიკარგა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კოლეგები, მეგობრები მის სახელს დიდხანს არ დაივიწყებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ავადმყოფობის შედეგად 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება

ფოტო: ინტერპრესნიუსი

magti 5g