გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა მეუღლესთან, გოჩა ჭანტურიასთან ერთად ორ ტყუპ გოგონას ზრდის და „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თავისი მეორე ნახევრის არჩევით ძალიან ბედნიერია.
თეონა ცირამუა:
37 წლის ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე – გოჩა ჭანტურია გავიცანი და ორი წლის შემდეგ დავქორწინდით. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს ღმერთის ნება იყო. ყველამ ვიცით, ქართულ რეალობაში როგორ აღიქვამენ, როდესაც გოგონას ასაკი ემატება და ოჯახის შექმნას აგვიანებს: ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, რომ გოგო 25 წელს თუ გადააცილებს, უკვე აგვიანდება.
თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, ეს სწორიცაა, მაგრამ ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. ჩემს ოჯახშიც ძალიან განიცდიდნენ, რომ ვაგვიანებდი და კიდეც მსაყვედურობდნენ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო გვერდით პიროვნება მყოლოდა – ისეთი ადამიანი, რომელიც გამიგებდა და ჩემს რეჟიმს შეეგუებოდა. ალბათ, ღმერთმა ინება, რომ სწორედ ასეთი პიროვნება შემხვედროდა. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში სწორედ დროზე გამოჩნდა. მანამდე კი, სახლში გამოცხადებული მქონდა: მხოლოდ მაშინ გავთხოვდები, თუკი ვინმე შემიყვარდება-მეთქი. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ მე თუ რაღაცას ვიტყვი, აღარ გადავთქვამ და ამიტომ, ჩუმად იყვნენ. ვიდრე ჩემი მეუღლე კარგად არ გავიცანი, ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია. მიხარია, რომ ჩემმა არჩევანმა გაამართლა.
ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მეუღლისა, რომელიც ყველანაირად მეხმარება. მისგან არასდროს გამიგია საყვედური – შინ იყავი და ოჯახს მიხედეო… პირიქით, ჩემზე მეტად განიცდის და ნერვიულობს, როცა კონცერტი გვაქვს. ასეთ დროს ვეხუმრები: დამშვიდდი, შენი ნერვიულობა აღარ მინდა-მეთქი. როცა წარმატებული კონცერტი გვაქვს, ჩემზე მეტად უხარია, ასეთ დროს მის თვალებში ცრემლიც შემინიშნავს. ალბათ, ოჯახის სიმყარის საიდუმლოც ეს არის – დათმობა და ურთიერთგაგება.
ხუთი წლის განმავლობაში ვიწვალე, რომ ბავშვი გამეჩინა – ხან საშვილოსნოს გარე ორსულობა მქონდა, ხან შეწყვეტილი ორსულობა, მიუხედავად ამისა, გოჩასგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი. თუნდაც შვილი არ მყოლოდა, არასდროს უთქვამს, რომ ერთად აღარ ვიქნებოდით, არადა, ამის გამო, წყვილებს სერიოზული უსიამოვნებები აქვთ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მეორე ნახევრის პოვნა ყველაზე მთავარი ყოფილა – ძნელია, სწორი არჩევანი გააკეთო და ის ადამიანი იპოვო, ვინც ჭირსა და ლხინში მხარში დაგიდგება. ქალების 80 პროცენტი ამ საკითხს ნაჩქარევად წყვეტს – ან გარეგნობით იხიბლება, ან სიმდიდრით და მერე, ცხოვრების სირთულეები თავს რომ დაატყდება, ვეღარ უძლებს.
