LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა მასწავლებელი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას ქართულს ასწავლის (ინტერვიუ)

1647
70186678-507842290017359-8702236081141055488-n

პედაგოგობა ერთ-ერთი კეთილშობილური, პრესტიჟული, მაგრამ ამავე დროს რთული პროფესიაა. იყო მასწავლებელი ნიშნავს აჩუქო ბავშვებს სიყვარული, სითბო და რა თქმა უნდა მისცე მათ სიღრმისეული ცოდნა. ქართული ენის მასწავლებელი თეონა ცაგარეიშვილი ხუთი წელია, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში ასწავლის ჩვენი ქვეყნის ეთნიკურ უმცირესობას და თანამოქალაქეებს სრულფასოვან ინტეგრაციაში ეხმარება.

 

რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას და რომელია ძნელად დასაძლევი?

მასწავლებლის პროფესია, რომ ძალზე შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, ახალი არავისთვისაა. ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ამ პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებაა. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მასწავლებლებმა უნდა აღზარდონ განათლებული თაობა, რადგან განათლებული ადამიანი ნიშნავს საზოგადოების სრულფასოვან წევრს. პროფესიულ საქმიანობაში სირთულე ბევრია, თუმცა საქმისადმი სიყვარულით და ენთუზიაზმით ყველა წინაღობის გადალახვა შესაძლებელია.

ხელახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას, ისევ პედაგოგობას აირჩევდით?

აუცილებლად! ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა ყველაფერი ის, რასაც მასწავლებელი კლასში აკეთებდა: რვეულის გასწორება, გაკვეთილის გამოკითხვა, დაფასთან მოსწავლის გამოძახება, “დაჯექი, არ იცი, ორიანი“, რიგებში ჩამოვლა და ბავშვების „მოჩეჩვა“, მათი შექებაც და დატუქსვაც. ჩემი ოცნებები რეალობად უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იქცა. ბავშვობაში „მოწონებული“ ქმედებების სიიდან ბევრი რამ ამოვშალე და ახალი იდეებით შეპყრობილი გავეშურე ჯავახეთისკენ. დღემდე მახსოვს ის მოსწავლე, რომელმაც პირველად „თეონა მას“ დამიძახა. ეს დაუვიწყარი ემოცია იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ შორეულ ჯავახეთში ასე მომმართავდა ჩემი არაქართველი მოსწავლე. ბავშვების სიყვარულს, მათ ჩახუტებას, თბილ სიტყვებს, სიკეთესა და მადლიერებას ვერაფერზე გავცვლი. ამიტომაც ეს პროფესია ჩემთვის შეუცვლელი და ფასდაუდებელია.

რა რჩევას მისცემთ მშობლებს?

სჯეროდეთ საკუთარი შვილების, არ შელახონ მათი თავმოყვარეობა უხეში ქმედებით. ხშირად წაახალისონ, ბევრი დრო გაატარონ მათთან, ესაუბრონ სიკეთეზე, მეგობრობაზე, სამართლიანობაზე, პატარაობიდანვე წაუკითხონ წიგნები და იყვნენ მისაბაძი პიროვნებები შვილებისთვის.

ყველაზე გულუბრყვილო ან უცნაური კითხვა, რომელიც მოსწავლეს დაუსვამს თქვენთვის?

სასაცილო და სახალისო კითხვების დასმა ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ახასიათებთ. ამჟამად მახსენდება მეხუთეკლასელი ონავარი მანუშაკის კითხვა: რატომ იწყება კვირის დღეები ორშაბათით და რატომ არ არსებობს ერთშაბათი?“, რომელიც პასუხგაუცემელი დამრჩა.

რამ გადაგაწყვეტინათ ქართული გესწავლებინათ ეთნიკური უმცირესობებისათვის?

სიახლეები და სირთულეების გადალახვა ყოველთვის მიზიდავდა. როდესაც პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებებისათვის“ შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის თავგადასავალი იყო, რომელსაც ვეძებდი. ერთი წლის განმავლობაში ვიყავი მოხალისე მასწავლებელი ჯავახეთში. წინაღობებით სავსე, მაგრამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღეები მახსენდება. როგორც თეატრის მსახიობები იწამლებიან სცენის მტვრით, ისე მოვიწამლე და მოვიხიბლე ჩემი მისიით არაქართულენოვან გარემოში. ჯავახეთში ორწლიანმა მუშაობამ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემძინა და მნიშვნელოვნად გამზარდა პროფესიული თვალსაზრისით. ამჟამად სოფელ შაუმიანში პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარება“ მიერ წარგზავნილი კონსულტანტ-მასწავლებელი გახლავართ. ვმუშაობ, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებელთან. მსურს შეიყვარონ, დაეუფლონ და გამოიყენონ იმ სახელმწიფოს ენას, რომლის მოქალაქეებიც არიან. ჩემ შემართებას კიდევ უფრო აძლიერებს ის შედეგები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩინოა და ეს ჩემი კოლეგების დაუღალავი შრომით მიიღწევა. უამრავ მიღწევას შორის განსაკუთრებით ორ მათგანს გამოვყოფდი: ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული წინსვლა და არაქართველ სტუდენტთა მზარდი ნაკადი ქართულ უნივერსიტეტებში. პროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარება“ ეთნიკური უმცირესობების ქართულ გარემოში ინტეგრაციას ემსახურება და ვცდილობ მცირედი წვლილი შევიტანო ამ საპასუხისმგებლო და ეროვნულ საქმეში.

 

თათია პაიჭაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g