ქართველი დიზაინერი და მემინანქრე, ეკატერინე აბესაძე ფერადი თიხის ახალ კოლექციაზე მუშაობს. დიზაინერი საქართველოს მხატვართა კავშირის, საფრანგეთისა და მსოფლიო მემინანქრეთა და ტექსტილის ასოციაციის წევრია. ეკატერინე მომხმარებელს თექის, თექსტილის, მინანქრისა და მინის აქსესუარებს სთავაზობს.
– როდის შექმენით პირველი სამკაული?
– დიზაინერობა დავიწყე ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ სკოლაში. მესამე კლასში შევქმენი კანაფის თოკებისგან სამკაული და კედელზე დასაკიდი სუვენირი. მუდმივად ახლის ძიებაში ვიყავი. შემდეგი ეტაპი კი იყო, როდესაც საპნისგან და ლენტებისგან გავაკეთე კალათები. ეს კალათები მაშინდელ რუსთაველზე მდებარე მაღაზია Solani-ში წარმატებით იყიდებოდა.
– როდის დაიწყეთ პროფესიონალურ დონეზე ნამუშევრების შექმნა?
– შეიძლება ითქვას, რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც საქართველოში ქართული მინანქრის აღორძინება დაიწყო. გადავწყვიტე შემესწავლა ტექნიკა და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ შარდენზე გამოფენა მოვაწყვე, სადაც წარმოდგენილი იყო მინანქრისა და თექის კოლექციები. შემდეგ უკვე ვიღებდი კერძო შეკვეთებს. ასევე, ვიღებდი მოწვევებს ევროპიდან და რუსეთიდან, ვაწყობდი პერსონალურ გამოფენებსაც.
– ვისთვის ქმნით აქსესუარებს?
– ეს არის ხელოვნება და ამ ყველაფრის შექმნა პირველ რიგში მე მსიამოვნებს და მაბედნიერებს. რა თქმა უნდა, ჩემი ნამუშევრები იქმნება ყველა ქალისთვის, ვისაც უბრალოდ ესთეტიკის და სილამაზის აღქმა აქვს.
– ამჟამად სად საქმიანობთ და რა კოლექციებს სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?
– ვმოღვაწეობ დიდ ბრიტანეთში, შევისწავლე ე.წ ინგლისური ქუდების ტექნიკა (ინგლისური შლაპები)… გამოფენა მქონდა ამ თემატიკაზე ”ნოლიას” გალერეაში, ასევე მონაწილეობა მივიღე ლონდონის fashion week – ზე, სპეციალურად ბელარუსი დიზაინერის ირინა ვინოგრადოვას კოლექციისთვის სვაროვსკის თვლებით გაწყობილი სამკაულები შევქმენი. ამჟამად ვმუშაობ ახალი მიმართულებით – Polimer clay-ის გამოყენებით თიხის სამკაულებს ვქმნი, ეს არის პლასტელინის კონსისტენციის ფერადი თიხა.
– სად და რა ფასად შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?
– ჩემი მინანქრის ნამუშევრების შეძენა საქართველოში შესაძლებელია თბილისში გალერეა ”ორნამენტში”, თექის კი – გობელინის და ტექსტილის მუზეუმში შარდენზე. უცხოელებს ჩემი აქსესუარების დათვალიერება და შეძენა საიტის მეშვეობითაც შეუძლიათ https://www.facebook.com/eka.abesadze.54?fref=ts , ხოლო ფასები დაახლოებით 100 ლარიდან იწყება.