ტექნო ბლოგერმა სოიერ მერიტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ოსტინში (ტეხასი) მოძრავი Tesla-ს უპილოტო ტაქსი (Model Y) ჩანს, თანაც უსაფრთხოების ოპერატორის გარეშე, რომელიც აქამდე წინა მგზავრის სავარძელზე იჯდა. Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ავტონომიის ახალ ეტაპზე გადასვლა ცოტა ხნის წინ დააანონსა და როგორც ჩანს, ეს მომენტიც დადგა.
BREAKING: Tesla Model Y Robotaxi with literally no one in the car spotted driving itself on public roads in Austin, Texas!
— Sawyer Merritt (@SawyerMerritt) December 14, 2025
A new age has begun 🤖 https://t.co/AXHfvl5gtV pic.twitter.com/BtqN7QfDe7
Tesla-ს უპილოტო ტაქსის სერვისი ოსტინში ივნისის ბოლოს ამოქმედდა, ხოლო მომხმარებლებისთვის აპლიკაციაზე მასობრივი წვდომა მხოლოდ სექტემბერში გაიხსნა. ამ დროის განმავლობაში ელექტრომობილები ქალაქში გადაადგილდებოდნენ ოპერატორის თანხლებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მართვაში ერეოდა. მასკი თავიდანვე აცხადებდა, რომ 2025 წლის ბოლომდე ამ „დაზღვევაზე“ უარს იტყოდა.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან ოსტინში მინიმუმ ერთი Tesla Model Y უკვე მოძრაობს ოპერატორის გარეშე – ეს თავად მასკმაც დაადასტურა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სატესტო ავტომობილის სალონში ამ ეტაპზე არც ოპერატორი იმყოფება და არც მგზავრები.

პორტალმა Electrek-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Tesla-ს ჯერაც არ გამოუქვეყნებია „სრული და გადამოწმებადი ინფორმაცია“, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მისი FSD ავტოპილოტი ადამიანზე უსაფრთხოა. გამოცემა აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების სააგენტოს (NHTSA) მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ოსტინში Tesla-ის უპილოტო ტაქსები ავარიაში საშუალოდ ყოველ 62 ათას მილზე (დაახლოებით 100 ათასი კილომეტრი) ერთხელ ხვდებოდნენ – რაც ადამიანების მიერ მართვადი ავტომობილების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

მომავალში Model Y-ს უპილოტო ტაქსის სერვისში ჩაანაცვლებს Cybercab – ორკარიანი ელექტრომობილი, რომელსაც ტრადიციული მართვის ორგანოები, საჭე და პედლები, საერთოდ არ ექნება. ამ მოდელისთვის დამზადებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც, მასკის თქმით, იმდენად განვითარებულია, რომ ავტომობილი „ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს“. Cybercab-ის წარმოება Tesla-ს ტეხასის ქარხანაში 2026 წლის მეორე კვარტალში უნდა დაიწყოს.
