კომპანია Tesla Motors-მა საკუთარ საავტორო ელექტროგასამართ სადგურ – Supercharg – ზე ავტომობილების დამუხტვის ფასი დაასახელა. აღნიშნული ტარიფი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც ავტომობილი 15 იანვრის შემდეგ შეიძინა.
Tesla Model S-ისა და Model X-ის მყიდველები თავდაპირველად მიიღებენ 400 კვტ ენერგიის ბარათს საჩუქრად. აღნიშნული ოდენობის ენერგიით Tesla-ს მოდელებს 1600 კმ-ის გავლა შეუძლია. ბონუსის შემდეგ, ავტომობილების მფლობელებს ფიქსირებული ტარიფის გადახდა მოუწევთ. როგორც ჩანს, ენერგიის ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავებულია.
მაგალითად: ნიუ-იორკში 60 კვტ.-მდე დამუხტვის შემთხვევაში, ტარიფი არა ენერგიის, არამედ წუთების რაოდენობით განისაზღვრება. ელექტროგასამართ სადგურზე საკუთარი ავტომობილის დამუხტვისას მისი მფლობელი წუთში 8 ცენტს გადაიხდის. 60 კვტ-ზე მეტი ენერგიის შემთხვევაში, ტარიფი იზრდება და იგი წუთში 16 ცენტს შეადგენს. განსხვავებული ფასებია კალიფორნიასა და სხვა შტატებში, სადაც წუთობრივი გადასახადი 20, 24 და ზოგჯერ 32 ცენტსაც კი აღწევს.
საქართველოში ამ ეტაპზე ელექტროძრავიანი მოდელების დამუხტვა უფასოდაა შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე ელექტროქარების მომრავლების წახალისებისთვისაა გამიზნული.
Tesla მსგავსი ტიპის ელექტროგასამართი სადგურების აგებას ბევრ ქვეყანაში აპირებს. საწყის ეტაპზე კომპანია 734 მსგავსი ტიპის პუნქტს შემოგვთავაზებს.