„ტესლამ“ შანხაის ქარხანა გააჩერა და წინასწარი ინფორმაციით პაუზა 4-5 დღე გასტანს. ეს არის იძულებითი ზომა, რომლის მიღებაც კომპანიას ჩინეთში Covid-19-ის ახალი ტალღის აფეთქების ფონზე მოუხდა. 4 დღის განმავლობაში ქარხანაში ყველა თანამშრომელს დატესტავენ და მუშაობაც მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება.
შანხაის ხელისუფლებამ ორ ეტაპიანი ლოკდაუნი შემოიღო, რათა მასობრივი ტესტირებები ჩატარდეს. ეს პროცესი 9 დღე გაგრძელდება და თითოეულ რაიონს ცალ-ცალკე შეამოწმებენ. შეზღუდვა შეეხება „ტესლას“ ქარხანასაც, რადგან ისიც ეპიცენტრში მდებარეობს.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, „ტესლამ“ მთავრობის ბრძანებისთვის გვერდის ავლა სცადა და თანამშრომლები კვირას სამსახურში გამოიძახა. თუმცა, საბოლოო ჯამში მათი სახლებში გაშვება მოუხდა.
არადა ასეთი იძულებითი პაუზები საწარმოს ძალიან უშლის ხელს. მაგალითად, გასულ წლის ლოკდაუნის გამო დაგეგმილი ავტომობილების ნახევარიც ვერ გამოუშვეს.