ევროპაში Tesla-ზე მოთხოვნა თითქმის ორჯერ შემცირდა. იანვარში ამერიკული ბრენდის გაყიდვებმა 45%-ით იკლო და ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. თანაც, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სხვა ავტომწარმოებლების ელექტროქარების მიმართ ინტერესი იზრდება.
ანალიტიკოსები ამ ყველაფერში Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის პიროვნებას ადანაშაულებენ. ბოლო დროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ბიზნესმენის პოპულარობა მკვეთრად შემცირდა გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ევროპის რეგიონის სხვა ბაზრებზე.
ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის ინფორმაციით, Tesla-მ 2025 წლის იანვარში 9945 ელექტროქარი გაყიდა. გასულ წელს კი ბრენდმა იგივე პერიოდში ორჯერ მეტი – 18 161 ავტომობილის გაყიდვა შეძლო. გერმანიაში, ევროპის საკვანძო ავტო ბაზრობაზე Tesla-მ მხოლოდ 1277 ელექტროქარი გაასხვისა ეს კი 2021 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდა საფრანგეთში – 63%-ით ნაკლები. დიდ ბრიტანეთში Tesla-მ კლიენტების 8% დაკარგა და პირველობა ჩინურ BYD-ს დაუთმო.