კომპანია Tesla-მ დააპატენტა უჩვეულო მეთოდი, რომელმაც მუხრუჭების გადახურებას და მათი ეფექტურობის შემცირებას უნდა შეუშალოს ხელი. გამოცემა CarBuzz-ის ინფორმაციით, რომელიც აშშ-ის საპატენტო უწყების დოკუმენტებს ეყრდნობა, ელექტრომობილების მწარმოებელი სთავაზობს ავტომობილების სიჩქარის იძულებით შეზღუდვას მუხრუჭების მექანიზმების მდგომარეობის მიხედვით.
Tesla-მ ინტელექტუალური უფლება დაარეგისტრირა სისტემის იდეაზე, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მუხრუჭების მდგომარეობასა და ტემპერატურას. კონცეფციის მიხედვით, ელექტრონიკა გამოთვლის უსაფრთხო დამუხრუჭების გზას და მაქსიმალურ სიჩქარეს, რომლის დროსაც მუხრუჭები ეფექტურობას ინარჩუნებენ.
ვარაუდობენ, რომ ასეთი სისტემა მძღოლს დაიცავს იმ სიტუაციაში, როდესაც, მაგალითად, გადახურების გამო მუხრუჭის დისკები და კოლოფები სრულფასოვნად ვეღარ მუშაობს და შესაძლოა დაზიანდეს. Tesla-ს ჩანაფიქრით, ახალი ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაღალი სიმძლავრის სპორტულ ავტომობილებში, ისე მასობრივ მოდელებშიც. ბოლო შემთხვევაში სისტემა განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება, მაგალითად, ხანგრძლივ დაღმართებზე, როდესაც მუხრუჭების სისტემა დიდი დატვირთვის ქვეშ მუშაობს.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიას ეკონომიკური ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს: თუ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე მუხრუჭების შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული, სპეციალისტებმა შესაძლოა მცირე ზომის მუხრუჭის მექანიზმების დაყენება შეძლონ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა Tesla ამ იდეას პრაქტიკაში.