The Weeknd-მა სასცენო ფსევდონიმის შეცვლის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ცოტა ხნის წინ, მომღერალმა სახელი Instagram-სა და X-ზე შეცვალა. თავდაპირველად, მან საკუთარ ექაუნთებზე სრული სახელი – ეიბელ ტესფაიე მიუთითა, თუმცა უახლესი მონაცემებით, მის პროფილებზე მხოლოდ ეიბელ ფიქსირდება.

2024 წელს, არტისტმა გაამხილა, რომ სურს ,,მოკლას the Weeknd”. მისი განმარტებით, ამ ალტერ ეგოთი უკვე ყველაფერი თქვა, რაც შეეძლო, ახლა კი დროა ,,ეს კანი გაიძროს” და შემოქმედებითად თავიდან დაიბადოს.
როგორც მაშინ შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, მეექვსე სტუდიური ალბომი – Hurry Up Tomorrow (2025), რომელიც ტრილოგიის ფინალური ნაწილია After Hours-ისა (2020) და Dawn FM-ის (2022) შემდეგ, არის ბოლო პროექტი, რომელიც ,,უიკენდის” სახელით გამოიცემოდა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ბოლო სამი ალბომი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთიანი ნარატიული ციკლი, მისი დასრულება სიმბოლურად the Weeknd-ის, როგორც პერსონაჟის ,,სიკვდილს” და ეიბელის ,,დაბადებას” ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკის გარდა, ის აქტიურად გადაერთო კინოინდუსტრიაზეც, სადაც თავიდანვე საკუთარი სახელით გამოჩნდა, რაც ხელს უწყობს ახალი იდენტობის დამკვიდრებას.
იმ ფონზე, როცა ამჟამად მუსიკოსი ქსელებში Abel ს იყენებს, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მუსიკალურ მოღვაწეობასაც სწორედ ამ სახელით გააგრძელებს.
ცნობისთვის, The Weeknd-ის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენა 2010 წლიდან YouTube-ზე სიმღერების ანონიმურად ატვირთვით დაიწყო.