თიბისი ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
“თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.
TBC-იმ თქვა, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოს გზით დაიცავს.
ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და თქვა, რომ “ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა”.