LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისი ბანკში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

178
BeFunky-collage

„თიბისი ბანკში“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ გუგა გოცირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

როგორც ადვოკატმა, დავით ბარბაქაძემ განაცხადა, გუგა გოცირიძე გამოძიებასთან თანამშრომლობს და აქედან გამომდინარე მართებული იქნებოდა მოსამართლეს ნაკლებად მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გუგა გოცირიძეს ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს, რის გამოც სასამართლო პროცესზე განცხადებები არ გაუკეთებია.

„სათქმელისგან თავს შევიკავებ, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს”, – განაცხადა ბრალდებულმა, გუგა გოცირიძემ სხდომაზე.

მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა, თუკი სათქმელი ჰქონდა, განეცხადებინა.

„ბოლო დანაშაულით დაკისრებული სახდელი არ აქვს გადახდილი. ბოლო ქმედებაც ფინანსური სარგებლის მოტივაციით არის ჩადენილი.
ერთი ფინანსური სახდელი უკვე გამოყენებული იყო და წესით აღარ უნდა ჩაგედინათ დანაშაული”, – განაცხადა მოსამართლემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ 29 თებერვალს, 13:00 საათზე ჩანიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა, თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის დაუფლება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები