თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ფარგლებში, საქართველოს ტექ ეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ ქალებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგან.
„მოხარულნი ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად გავაკეთეთ პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო, კიბერსაფრთხეებით დაინტერესებულ ადამიანებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კომპეტენციის გაღრმავება“, – თათა ანჯაფარიძე, IT აკადემიის ლიდი.
სპეციალურად პროექტის „TBCxWIC“ მონაწილეთათვის თიბისი IT აკადემიაში შეიქმნა „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” პრაქტიკული კურსი. ის სრულად ბუთქემფურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილემ, 6 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
„მე ვარ მარიამი, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე და ვმუშაობ Senior IT სპეციალისტის პოზიციაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინტერესებდა კიბერუსაფრთხოების სფერო, თუმცა ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ის მიმართულება, სადაც მინდოდა საკუთარი კარიერის გაგრძელება. „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” კურსმა მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო ამ სფეროს სპეციფიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად მსურს განვითარება. ახლა უკვე მკაფიოდ ვიცი, რომ მაგისტრატურისთვის ისეთ უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მომცემს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“, – მარიამ ბაკარანძე, პროექტის „TBCxWIC“ კურსდამთავრებული.
კურსი მოიცავდა როგორც კიბერუსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, ასევე SOC უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის მიღებას, მისი არქიტექტურის, ოპერაციების, როლების და ძირითად ინციდენტებზე რეაგირების გზებზე.
(R)