მარიამ აფრასიძე-დადეშქელიანი „ტიკ-ტოკზე“ თავისი ვიდეოებით საკმაოდ ცნობილი გახდა. გოგონას, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, ძალიან უყვარს ეროვნული სამოსის მორგება.

მარიამ, გაგვაცანი საკუთარი თავი და მოგვიყევი, რატომ გადაწყვიტა „ტიკ-ტოკ“გვერდის შექმნა?
მარიამ აფრასიძე-დადეშქელიანი:
ვარ სვანი. კერძოდ, აფხაზეთ-სვანეთიდან (კოდორი-დალის ხეობა).
„ტიკ-ტოკ“ გვერდი შევქმენი პანდემიისას, გართობის მიზნით…
კონტენტს რაც შეეხება, ჩემს გამომწერებს ყველაზე მეტად მოეწონათ მსგავსი ტიპის ვიდეოები, როგორსაც ახლა ვიღებ (მანდილით) და ქართული (მთის სიმღერებით). მე თვითონ არ ვმღერი. ბავშვობაში მქონდა ოცნება, რომ მემღერა და ცნობილი შემსრულებელი გავმხდარიყავი. ჩემი და ფანდურზე უკრავდა და მე ვმღეროდი ხოლმე ასე, გასართობად.
გამომწერებისგან ვიღებ უამრავ თბილ კომენტარს და ესემესს. რა თქმა უნდა, ნეგატივიც არის ხოლმე.

ყველაზე ხშირად რას გწერენ? ყველაზე საინტერესოდ რომელ კომპლიმენტს მიიჩნევ, რომელიც გამომწერისგან მიგიღია?
საინტერესო კომპლიმენტს რაც შეეხება, თამარ მეფეს ადარებენ ჩემს სახეს ხშირად, რაც ძალიან სასიამოვნოა. უცხოელებიდან გალ გადოტს მამსგავსებენ. ასევე უთქვამთ რომ სვანური, მკაცრი და მთის სილამაზე მაქვს. ჩემს ქვეცნობიერშიც ალბათ სადღაც ზის ის, რომ მთაში გაზრდილი ვარ და შესაბამისად, სახასიათო სიმღერებიც ძალიან მიყვარს.

როგორ ხვდებიან მანდილის ტარებას შენი გამომწერები?
მანდილს რაც შეეხება, ვატარებ ხოლმე, თუმცა ხშირად არა. გააჩნია, რა მაცვია და სად მივდივარ. უშუალოდ ვიდეოებისთვის ვირგებ ხოლმე.
სხვათა შორის, მანდილს რომ ვატარებ, მიწერენ, მონაზონი ხომ არ ხარო. ჩემთვის მანდილის ტარება არ ასოცირდება მონაზვნობასთან, არამედ ქალურობასა და ქართველობასთან.

რას საქმიანობ?
ამჟამად ვმუშაობ მომსახურების სფეროში, სერვისის განხრით.
ოჯახი გყავს?
შესანიშნავი მეუღლე, გიორგი გოცირიძე მყავს. მეორე ნახევარი გავიცანი 2008 წელს, სოციალური ქსელის საშუალებით, 2014 წელს ოჯახი შევქმენით. გვყავს ორი შვილი.

კრიტიკასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? კრიტიკულ კომენტარებს როგორ აღიქვამ?
გული მწყდება ნამდვილად. ვერ მოვიტყუები, მაგრამ ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება… მე თვითონ მაქვს ჭორფლი, მაგრამ არა ისე, როგორც იმ ვიდეოებში. აქვე იმასაც დავძენ, რომ ფილტრითაც ვიღებ ვიდეოებს, რადგან მე ასე მომწონს. ამ თემებზე იყო ბევრი აგრესიული კომენტარი, რა მოგწონთ და რას ჰგავს, ვერ ხედავთ, რომ მატყუარაა და ფილტრი ადევს, მსგავს კომენტარებს, რასაკვირველია, თვითონ ჩემი გამომწერები პასუხობენ და მე დიდად არ ვკითხულობ ხოლმე, რადგან ასე თუ ისე მოქმედებს და ცუდ გუნებაზე მაყენებს.
შენს მშობლიურ მხარეში როგორ ხვდებიან შენს აქტივობას?
დადებითად. მეუბნებიან, რომ მათი სიამაყე ვარ, რასაც მიუჩვეველი ვარ და ძალიან მრცხვენია ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახლობელს არ მოსწონს და არასერიოზულობაში მითვლიან ამ ყველაფერს, ალბათ, ფიქრობენ, მეტი საქმე არ აქვს ამასო და მსგავს რაღაცებს, მაგრამ მე არ ვინტერესდები დიდად ამ შეფასებებით…
ინტერვიუ: ნინო მურღულია