LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: „აქამდე ცოტათი რობოტებს ვგავდით, კორონას შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად დავემსგავსებით ადამიანებს…“

678
facaciatikanews555

თიკა ფაცაცია, გარდა იმისა, რომ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და „რუსთავი 2“–ის ეთერში გადაცემას უძღვება, ოჯახური საქმიანობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, ასრულებს რეკომენდაციას და რჩება შინ.

თავიდან ცოტა გაუჭირდა, ახლა კი, ყველა საქმეს საკუთარი დრო და ადგილი გამოუძებნა და შვილების ონლაინგგანათლების საკითხშიც აქტიურადაა ჩართული.

თიკა, რაც დრო გადის, ბევრს უფრო უჭირს რეკომენდაციების გათვალისწინება და შინ ჯდომა. შენ როგორ ხარ?

თიკა ფაცაცია:

ალბათ, პირველ რიგში, ადამიანებს ფსიქოლოგიურად უჭირთ. მე პირიქით დამემართა. თავიდან, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, განსაკუთრებით კი, იტალიაში სიტუაციის გართულების შემდეგ, და იქიდან მოყოლებული, როცა ჩვენთან ახალი დაფიქსირებული შემთხვევები გამოვლინდა, ცოტათი მქონდა ისტერიის მომენტები. შემდეგ, როცა ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე, გავეცანი ინფორმაციას, დავმშვიდდი. მივხვდი, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, პირველ რიგში, ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.

ადამიანებს სახლში ჯდომა, გარდა იმისა, რომ სამსახურები დაკარგეს და ფინანსური პრობლემებიც შეექმნათ, ფსიქოლოგიურადაც ძალიან უჭირთ. ეს გარკვეულ გამძლეობას მოითხოვს. თავიდან, პირველი სამი დღე, იმდენ საქმეს ვეცი სახლში, რომ ფიზიკურად ძალიან გადავიღალე. მერე მივხვდი, რომ ეს ყოველივე სწორად უნდა გამენაწილებინა. ამის შემდეგ ნაკლებადაც ვიღლები და შინ ყველაფერს ვუმკლავდები, ვამზადებ სადილს, ვატარებ დროს შვილებთან ერთად, სახლის საქმეებს ვაკეთებ.

ყველაზე მეტად, ფსიქოლოგიურად დამეხმარა, როდესაც შევწყვიტე ყველანაირი ნიუსის ყურება და წაკითხვა. საწყის ეტაპზე ყველა ქვეყნის ამბავი მაინტერესებდა, ვინ სად დაახველა და დააცემინა… ახლა ვინტერესდები მხოლოდ ჩემს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით. რამდენად კარგად უმკლავდებიან ამ ვირუსს და ა.შ. და ამით ვასრულებ. უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ყველანაირი ინფორმაციის მიღებამ ძალიან დამაზარალა. ძალიან გამაღიზიანებელი იყო…

ბავშვების გართობა დღეს ბევრ მშობელს უჭირს. შენ როგორ უმკლავდები?

მართალია, საკმაოდ რთულია, თანაც, ჩემ შემთხვევაში სხვადასხვა ასაკობრივი ზღვარია. სამი შვილი მყავს, სხვადასხვა ასაკის. თავიდან კინოსეანსის რიტუალი მოვიფიქრეთ. ყოველ საღამოს ბატუბუტს ვხალავდით და ტელევიზორს ვუსხდებოდით საინტერესო ფილმის სანახავად. ერთი კვირის თავზე ეს მოჰბეზრდათ. შემდეგ მოვიფიქრეთ გამამხნევებელი ვარჯიშები. ასე გავიდა ერთი კვირა. ნელ–ნელა აქაც დაიკლო ენთუზიაზმმა და მოვიფიქრე ასეთი რამ – ვიყენებ ამ დროს, რომ ჩემს შვილებს ცოტა რამ ვასწავლო კულინარიიდან. ძალიან აკრგად ვიყენებ იმ თავისუფალ დროს, რომელიც გამომიჩნდა ჩემს შვილებთან ურთიერთობაში. მაგალითად, ახლახან აღმოვაჩინეთ, რომ უმცროსი შვილი კარგად ხატავს. „იუთუბიდან“ ონლაინგაკვეთილებით დაიწყო ხატვის სწავლა. გარდა ამისა, სასკოლო ონლაინგაკვეილებსაც ესწრება, თუმცა ჩემთან ერთად. ესეც ძალიან დიდი ინფორმაციის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის. ბავშვები ხომ ჩვენთან სხვანაირად იქცევიან და განსხვავებულ გარემოში – სხვანაირად. ამ ონლაინგაკვეთილების დროს ბევრი სიახლე აღმოვაჩინე, რაღაცები მომწონს, რაც არ მომწონს, მათ გამოსწორებას ვცდილობ… ჩემი უფროსი შვილი ტექნიკურად მეხმარება, რადგან აქ ძლიერი ვერ აღმოვჩნდი (იღიმის).

თიკა, საქმიანი ქალი ხარ. უამრავ პროექტში იყავი ჩართული. ახლა მეტწილად შინ გიწევს ყოფნა. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ისევ იმავე რეჟიმს დაუბრუნდები, თუ რამეს შეცვლი შენს ცხოვრებაში?

ალბათ, ადრე ამას არ ვაღიარებდი, თუმცა პროფესიული საქმიანობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ როცა კვლავ გვექნება გარეთ თავისუფლად გამოსვლის საშუალება, ჩემს საქმეზე უარს ვიტყვი. საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ზრდისთვის, ბედნიერებისა და სულიერი სისავსისთვის. ახლა ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად სიცილი, საუბარი, მათთან ფიზიკურად შეხება და ჩახუტება მაკლია. ონლაინ ერთმანეთთან ურთიერთობას ვახერებთ, მაგრამ ფიზიკური კონტაქტი კიდევ სხვაა…

ყველა ჩვენგანი ცდილობდა, რომ უფრო მეტისთვის მიეღწია, მეტი გაეკეთებინა, საკუთარ თავს გადახტომოდა, მისი შვილი ყველაზე უკეთესი ყოფილიყო. დღეს ვხვდებით, რომ ბედნიერი მომენტების შესაგრძნობად იმდენი არაა საჭირო, რასაც აქამდე ვითხოვდით, სულ ცოტაც საკმარისია. გაურკვეველი მიზნებისკენ მივისწრაფვოდით, სულ უფრო მეტი გვინდოდა, არადა, მცირედიც საკმარისია. დღეს, როცა ადამიანის დაბადების დღს აღნიშნავს, რას ჩაიფიქრებს? პირველ რიგში, ჯანმრთელად ყოფნას. ვფიქრობ, კორონას შემდგომ სამყაროში ყველაფერი უფრო გამარტივდება. ადრე ცოტათი რობოტებივით ვცხოვრობდით, კორონას შემდგომ სამყაროში კი უფრო მეტად დავემსგავსებით ადამიანებს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g