თიკა ფაცაცია „ნიჭიერის“ ჟიურის წევრია, მანამდე კი, ოთხი წლის განმავლობაში ეს პროექტი მიჰყავდა და სწორედ აქედან მოიპოვა მაყურებლისა და ხალხის სიყვარული, როგორც ტელეწამყვანმა. ახლა უკვე თავად აფასებს მონაწილეებს, თუმცა ძალიან ნერვიულობდა, სანამ ამ ამპლუას მოირგებდა…
ტელეწამყვანიდან ჟიურის წევრის ამპლუაში გადანაცვლებას როგორ შეხვდი?
თიკა ფაცაცია:
ახლა უკვე ძალიან მომწონს (იღიმის), მანამდე ვინერვიულე. ზოგადად, პირველად ვიღებ ადამიანების ცხოვრებაში ასეთ სერიოზულ მონაწილეობას, ამიტომ შიშით ვუყურებდი. ერთი სული მაქვს, მოვიდეს სამშაბათი, შევდივარ „ფეისბუქზე“, ნიჭიერის გვერდზე, ვინტერესდები, რამე ხომ არ დადეს ახალი. დიდი ფანი აღმოვჩნდი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ეს პროექტი, მშობლიურია ჩემთვის, რადგან ხალხის სიყვარული სწორედ მან მომიტანა.
როგორც მაყურებელი და როგორც ჟიურის წევრი, რას იტყვი, რითია გამორჩეულია საიუბილეო მეათე სეზონი?
პირველი ოთხი წელი ვიყავი წამყვანი, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი, როგორ დაიწყო ამ პროექტის აღზევება საქართველოში. თავიდან ძირითადად, უფრო მეტად ცეკვა და სიმღერა გვხვდებოდა და რამდენიმე ძალოსნური ნომერი. წლების გასვლის შემდეგ ხალხი აფართოებდა ფანტაზიას. ყოველ მომდევნო წელს დიდი სიახლეებია, რაც ძალიან მაგარია. ხუთი წელი გამოთიშული ვიყავი პროექტს, ახლა კი, აღმოჩნდა, რომ ჟიურის წევრი ვარ. არ ვიცი, საიუბილეო რომაა, ამიტომ, თუ ძალიან ჩართული რომ ვარ, ამის გამო – მგონია, რომ ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნება აქამდე არ ყოფილა, წყლის თემის გარდა ყველაფერი დავფარეთ.
როგორც ჟიურის წევრს – თავიდან სანერვიულო მქონდა, რომ ჩემი ნათქვამი „არა“ შეიძლებოდა, ადამიანებისთვის მტკივნეული გამხდარიყო, მაგრამ ძალიან გამიმართლა, ისეთი არაჩვეულებრივი ნომრებია, რომ ფიზიკურად ვერ ვამბობ არას. რომ გგონია, ეს რა კარგი ნომერი იყოო და მერე კიდევ უფრო მაგარი ნომერი მოდის, ასე რომ, არ გამიჭირდა.
წამყვანობა თუ ჟიურის წევრობა?
ჩემი უფრო რომელია? ალბათ, ამას გვაჩვენებს გამოხმაურება, რაც პროექტს ექნება. წამყვანობაზე გამოხმაურება ისეთი იყო, რომელიც დღემდე ახსოვთ. ახლა ვნახოთ, რამდენად საყვარელი ვიქნები ჩვენი მაყურებლისთვის ჟიურის წევრის ამპლუაში. მოდი, ეს მაყურებელს მივანდოთ. საკუთარი თავის შეფასება გვერდიდან რთულია.
შენი აკრობატული ილეთიც ვიხილეთ ფოტოზე, რომელიც ახლახან გამოაქვეყნე.
მანამდე საჰაერო ნომრებში ისეთი სირთულეები იყო, არც მომსვლია თავში აზრად გარისკვა, მაგრამ საჰაერო იოგა წარმოადგინეს, იოგაზე კი დიდი ხანია დავდივარ და საკუთარი თავის გამოცდა მომინდა. მინიმალური ილეთი შევასრულე, მაგრამ ფოტო გადამიღეს და ჩემი სატესტო მცდელობა გასაჯაროვდა. არ ვიცი, როგორი ვიდეოთანხლება ექნება ამ ფოტოს (იღიმის). ძალიან მაგარი ისაა, რომ ტელეეკრანზე სხვა თვალით ვუყურებ ხოლმე კამერების მიერ აღბეჭდილ ფანტასტიკურ სანახაობებს.
თიკა, თავად ხარ ნიჭიერი ადამიანი, მომღერალი, ტელეწამყვანი, ბევრ სფეროში მოსინჯე საკუთარი თავი. ჟიურის წევრებს შორის ნამდვილად იყო შენი ადგილი…
დიდი მადლობა… ნომრები ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ აღმოჩნდა – ყველაფერში მონაწილეობას ვიღებდი (იცინის). ყველაფერში ჩემს თავს ვპოულობდი. თან, მეცინებოდა, მაგრამ ასე მიეწყო. მეც გავიარე საკონკურსო ცხოვრება და ბევრი რამ მოვსინჯე ცხოვრებაში, ყველაფერმა თავისი კვალი დატოვა. ასე რომ, მე კონკურსები ძალიან მიყვარს. ბევრია, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მონაწილეობითაც კი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებ. არ არის აუცილებელი პირველი ადგილის მოპოვება.
კვალი ახსენე და ასაკი რატომ არ ტოვებს შენზე კვალს, ახლა ამაზე გვესაუბრე…
(იღიმის) არ ტოვებს? როგორ არ ტოვებს? ამას წინათ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი და წამოვიძახე, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ გავიკეთე ბოტოქსი-მეთქი. ვიკეთებ პერიოდულად, მაგრამ იმ გადაღებაზე არ მქონდა. ასაკს ვებრძვი მაქსიმალურად, ალბათ, განწყობით. ვცდილობ, ნებისმიერ რაღაცას კარგი მხარე მოვუძებნო, მათ შორის, ჩემს ასაკსაც. პირიქით, მაინტერესებს, რა იქნება მომავალში, როგორი ვიქნები სხვა ასაკში, როგორი ცხოვრება მექნება. მინდა, ათწლეულები მხნედ გავიარო.
თიკა, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ხარ პოპულარულ ადამიანებს შორის, ვისაც ნეგატიურ კომენტარებს არ უწერენ. ამას რას მიაწერ?
რა თქმა უნდა, კრიტიკაც მიმიღია, მაგრამ ჭარბობს კარგი კომენტარები. მოდი, დავინახოთ ეს ყველაფერი და ვხედავ ნამდვილად. არ ვიცი, რა მიზეზია – ალბათ, რასაც ვაკეთებ, იმაში ძალიან მართალი ვარ. სიყალბეს გავურბივარ. საკუთარ თავს რომ ვუყურებ ხოლმე, სახეზე მაწერია ყველა ემოცია, მოსაწონიც, დასაწუნიც, გულის აჩუყებაც, ბედნიერებაც. ვერ ვმალავ. შეიძლება, ესაა მიზეზი, რომ ძალიან გამოვხატავ საკუთარ დამოკიდებულებებს. შეიძლება, ეს ადამიანებს ეცნობათ… ძალიან გულჩვილი და მტირალა ვარ. ფილმებზე ვტიროდი ბავშვობაში და მახსოვს, როგორ მრცხვენოდა და თან, ცრემლები მახრჩობდა. ასეთი ემოციური ტიპი ვარ და ამას ჩემში არ ვებრძვი. სულ მინდა, კარგი რაღაცები შევნიშნო ყველაფერში და ეს იწვევს ალბათ დადებით განწყობას ჩემდამი. ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება მატყუებდეს ადამიანი. მგონია, რომ ყველა ჩემნაირია, ზოგჯერ ასე არ არის, მაგრამ არა უშავს (იცინის).
შვილებს მოსწონთ შოუ შენი მონაწილეობით?
პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ვერ იგებენ, რა ხდება – მათ დედას რატომ იცნობს ყველა, ვერ ხვდებიან. რაც შეეხება პროექტისადმი დამოკიდებულებას, ძალიან დადებითად უდგებიან. „ნიჭიერს“ ვიყენებ მათთვის რაღაცის შესაძენად. ეს პროექტი იმიტომ არის სახალხო, რომ ყველა საკუთარ თავს ხედავს, ხედავენ ადამიანებს, რომლებმაც შიში დაძლიეს და საჯაროდ გამოიტანეს საკუთარი ნიჭი. ჩემს უფროს შვილს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მუსიკა რომ იწყება, თავადაც მიჩუყდება გულიო, რადგან მას ახსოვს ის პერიოდი, როცა „ნიჭიერის“ წამყვანი ვიყავი და მისთვისაც ძალიან მშობლიურია პროექტია.
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: დათუნა აგასი