მომღერალ თიკა მახალდიანის ცხოვრებაში იყო დიდი ტრაგედია, ტკივილი, განცდა და ცრემლი. ეს დედის უეცარ და მოულოდნელ გარდაცვალებას უკავშირდებოდა. თუმცა, ის დღეს მისი მფარველი ანგელოზია, რასაც თიკა ყოველდღიურად გრძნობს. ბედისწერის სჯერა და ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერია, რადგან აქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, შვილი, მეუღლე, სამეგობრო და გარემოცვა. მომღერალი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.
– მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ხარ, მგონი, ძიძა არ გყავს. მეუღლე და შენ ბავშვს დამოუკიდებლად ზრდით?
– ძიძა კვირაში რამდენიმე დღე მყავს, როცა მე სამსახურში ვარ და თემოც საქმეებზეა. თუმცა, თემო ბავშვის დაბადებიდან მეხმარება მის გაზრდასა და აღზრდაში. კირა, ძირითადად, მე და ჩემმა მეუღლემ გავზარდეთ. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ორი წლის იყო. სულ დედაჩემთან იყო, ძალიან ერთობოდნენ და უგებდნენ ერთმანეთს და სულ ვფიქრობ, ახლა რომ დედაჩემი ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად სხვანაირი იქნებოდა. ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. სულ ამბობდა: კირა რომ გაიზრდება, მე ვატარებ ბაღში, სკოლაში, ცეკვაზეო… სულ ბავშვზე ლაპარაკობდა და მინდა, ხოლმე, ყოველ დღეზე მოვუყვე მას, ვუთხრა, როგორ იზრდება კირა, როგორი კარგი გოგოა.
– თიკა, ახლა რომ გასულ წლებში დაგაბრუნონ, რას შეცვლიდი?
– ვფიქრობ, რაც ხდება, გარდაუვალია და უნდა მოხდეს. თუმცა, წარსულში რომ დამაბრუნოთ, რაღაც-რაღაცებს შევცვლიდი. მგონია, ბედისწერა არსებობს და რაც გვიწერია, ვერ ავცდებით. არ მინდა ხოლმე, ამ საკითხს ჩავუღრმავდე, ჩემს თავს ვუფრთხილდები. არ მიყვარს წარსულში ყურება და იმაზე ფიქრი, რასაც ვეღარ შევცვლი, ამიტომ უკან არ ვიყურები.
– რაც წლები მოგემატა, რა შეაფასე და გადააფასე?
– არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, სწრაფად გადის დრო. ამ დროთა დინებაში კი იზრდები, გამოცდილება გემატება, აფასებ მოვლენებს და ბევრ რამეს ხვდები. საბედნიეროდ, მეგობრულ ღალატსა და გულისტკენას არ ჰქონია ადგილი. ჩემი სანაცნობო წრე დიდია, მაგრამ რამდენიმე ახლო მეგობარი მყავს. დროთა განმავლობაში ურთიერთობები და შეხედულებები იცვლება, თუმცა ადამიანები ამის გამო არ დამიკარგავს. თუ გვინდა, ახლობლები არ დავკარგოთ, ერთმანეთის აზრს უნდა ვცეთ პატივი.
