მწერალი თიკა სვანიძე ნიდერლანდების სამეფო ოჯახის მიწვევით მონაკოში მიემგზავრება.
როგორც სვანიძე-ვენკო სოციალურ ქსელში წერს, მონაკოს პრინცესას მისი წიგნი „ქალი სხვა სამყაროდან“ წაუკითხავს, მოსწონებია და მოწვევა გამოუგზავნია.
თიკა სვანიძე-ვენკო პირველი ქართველია, ვინც აღნიშნულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
„ოცნებები ხდება, მეგობრებო! თვით ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი!
ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ ახლა აეროპორტში ვარ და მონაკოსკენ მივფრინავ. დიდ ხანს ვინახავდი ჩემთვის ამ ჯადოსნურ სიურპრიზს და ეს საოცარი დღეც დადგა, როცა ჩემი უდიდესი წარმატება და სიხარული უნდა გაგიზიაროთ:
ნიდერლანდების სამეფო ოჯახის მიწვევით, უშუალოდ პრინცესა მარგარიტას მონაწილეობით მონაკოს ცნობილ მონტე კარლოში გაიმართება ჩემი მიღება, წარდგენა და გამოფენა. აუდიტორიას წარვუდგენთ ჩემს წიგნს, ქართულ ღვინოს და სამკაულებს.
რამდენიმე თვის წინ პრინცესას ჩემი წიგნი – „ქალი სხვა სამყაროდან“ – წაუკითხავს, ძალიან მოხიბლულა და ეს საოცარი მიწვევა მივიღე. და პირველი ქართველი ვარ, ვინც ამ ზღაპრულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. თავი მართლა ზღაპარში მგონია.
წინ თავბრუდამხვევი დღეები მელის და ყოველი წუთით მინდა დავტკბე და ჩემ გვერდით იქნება თითოეული თქვენგანის სიყვარული და კეთილი სურვილები,“ – წერს თიკა სვანიძე-ვენკო.