ვიდრე „ლაბუბუ“ მსოფლიოს იპყრობს, ჩინურ ბაზარზე მას კონკურენტი გამოუჩნდა – „ვაკუკუ“ (Wakuku) უკვე TikTok-ის ახალ ტრენდადაც კი იქცა. ფუმფულა სათამაშოს სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე მაღაზიების თაროები მისი მოდელებისგან რამდენიმე საათში დაცარიელდა.

„ვაკუკუ“ საკოლექციო სათამაშოა, რომელიც ჩინურმა კომპანიამ Letsvan შექმნა. ეს ბეწვიანი, ჭორფლიანი, ცალკბილა, გადაბმულწარბებიანი და ცბიერი ღიმილის მქონე არსება ჯუნგლების მეომარს განასახიერებს. „ლაბუბუს“ მსგავსად, ისიც სიურპრიზ-ყუთით (blind-box) იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველმა წინასწარ არ იცის, როგორი ვიზუალის მქონე სათამაშო მიაქვს შინ.

„ვაკუკუ“ 10-20 დოლარი ღირს, რაც „ლაბუბუს“ ნახევარ ფასს წარმოადგენს, ამიტომაც „ვაკუკუს“ ბიუჯეტურ „ლაბუბუს“ უწოდებენ.
იქიდან გამომდინარე, რომ „ვაკუკუს“ მოდელები პატარა ზომისაა, მათი გამოყენება ჩანთის აქსესუარადაც შეიძლება, რაც სათამაშოს დამატებით ფუნქციას სძენს.