ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სოციალურ ქსელში ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებით, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, რადგან არჩევნები გაყალბდა.
აქციას შეუერთდა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.
მისი განცხადებით, ყველა აქციის მიზანი არის საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება.
„დღეს ახალგაზრდების ორგანიზებით ტარდება აქცია, რომელსაც ბუნებრივია, ვუერთდებით. ყველა აქციას შევუერთდებით, ჩვენც დავაორგანიზებთ, იმიტომ, რომ არსებობს ერთი, საერთო ეროვნული მიზანი – ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნების და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება. არჩევნების, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა, წაართვა ხალხს და ახლა ცდილობს ევროპულო მომავალი წაგვართვას. ყველა აქციის ერთადერთი მოთხოვნა არის სწორედ ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ხალხმა საკუთარი ხმა და არჩევანი დაიბრუნოს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.