საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს არჩევნებთან და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, „არცერთ აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ არსებობს“.
„ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი – მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, – განაცხადა ბოკუჩავამ მედიასთან.