LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა, მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი…“

113
მიხეილ სააკაშვილი, თინა ბოკუჩავა

„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი – ერთი ისაა, რომ 13 წლის თავზე, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან, ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, სწორედ მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

„ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი საფუძველი – ერთი ისაა, რომ 13 წლის თავზე, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებიდან, ივანიშვილის მთავარი მეტოქე და პოლიტიკური მტერი, ისევე როგორც პერსონალური მტერი, სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ეს განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი მტერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მათ გაბედეს და თავიანთი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა არ ჩააბარეს მტერს. იბრძოლეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ეს, რა თქმა უნდა, პირველი მიზანია ამგვარი მოქმედებების.

მეორე, ეს არის ივანიშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, მიიქციოს დასავლეთის და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება. გახსოვთ, აშშ-ის კონგრესში როგორ იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, როგორც „ვერ შემდგარ, უნიათო, დიქტატორზე“. ახლა დიქტატურის კონსოლიდაციით ივანიშვილი ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ საქართველოში დიქტატურა შედგა და ის თავად შედგა, როგორც დიქტატორი. ცდილობს, დიქტატორის რანგში მაინც დაელაპარაკოს დასავლეთს და კონკრეტულად, აშშ-ს. აქ რაც ყველაზე მეტად მიკვირს ისაა, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფულის თვლაში გაატარა, ვერ აცნობიერებს, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, მისი პირადი ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ფინანსები, მთლიანად დასავლეთზეა ჩამოკიდებული.

ამიტომ არის, რომ ივანიშვილი ვერასოდეს შეძლებს, ჰქონდეს ის სამომლაპარაკებლო პოზიცია დასავლეთთან და აშშ-სთან, როგორიც აქვს ლუკაშენკოს ან როგორიც შესაძლოა, მომავალში ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ეს მოლაპარაკებები შედგება. ამგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი ამ სასოწარკვეთილ მოქმედებებზე, დიქტატურის კონსოლიდაციაზე, უნდა იყოს ბრძოლა, უნდა იყოს კიდევ უფრო სიმტკიცე, კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია. უნდა იყოს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის; სიმართლისთვის, რომელიც ჩვენ მხარეს არის, სიმშვიდისთვის, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და ამ ქვეყნის დაბრუნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამარჯვება, უდავოდ, ჩვენია და გამარჯვება აუცილებლად მოვა. ამისთვის აუცილებელია ჩვენი ერთიანი ბრძოლის გაგრძელება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არც მათთვის, არც ადვოკატისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ იყო.

„გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა. თავად პრეზიდენტ სააკაშვილს რა გარემოებაში აცნობეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ან როგორ მოხდა მისი გადაყვანა, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ გვექნება. მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი. ესეც, რა თქმა უნდა, უმძიმესი პროცესუალური დარღვევაა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ იცის ადამიანის ადვოკატმა და არც ოჯახის წევრებმა. თუმცა პროცესუალურ დარღვევებზე დიქტატურაში აქცენტის გაკეთება ჩემი მხრიდან არაადეკვატურობა იქნება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნებოდა სააკაშვილის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა“. მისი თქმით, „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმძიმესი კვალი დარჩა მისი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ“:

„თქვენ იცით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უმძიმესი კვალი დარჩა მისი 50-დღიანი შიმშილობის შემდგომ და ამავდროულად, იცით, რომ მათ შორის, საერთაშორისო ცნობებით დასტურდება, რომ ის იყო მოწამვლის მსხვერპლი რეჟიმის მხრიდან. ამგვარად, ბუნებრივია, გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნებოდა სააკაშვილის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g