„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა – ამის შესახებ ბოკუჩავამ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
თინა ბოკუჩავას სიტყვებით, „მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ“.
„რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სანქცირების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ამასთან, იმაზე, რომ ის შეეხოს თავად ივანიშვილსა და მის ფინანსურ გარემოცვას, მის ელიტას, პროპაგანდისტებს. დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილის დიდი ოდენობის აქტივები ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში აქვს.
ამიტომ, სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე, ვისაუბრეთ ე.წ. ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ძალისხმევას გააძლიერებენ. ამასთან, თანამშრომლობასა და კოორდინაციას, რათა ავტოკრატიულ რეჟიმზე ეფექტიანად განახორციელონ წნეხი. ასევე, საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.