„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანის მისამართით დასმულმა კითხვამ მცირე კამათი გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს 4 წლის წინ მინსტრის მოადგილის რანგში გაკეთებული განცხადება შეახსენა.
ბოკუჩავას თქმით, დავით ზალკალიანმა 2014 წელს მინისტრის მოადგილის პოსტი საგარეო კურსის ცვლილების გამო დატოვა. შესაბამისად, ის დაინტერესდა თუ რატომ აქვს დღეს მინისტრობის კანდიდატს მორალური უფლება უხელმძღვანელოს ამ უწყებას. ბოკუჩავას ამ კითხვას მინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა, რასაც დარბაზში მცირე ხმაურიც მოჰყვა.
“რეალურად არცერთ კითხვას არ უპასუხა, მათ შორის იმას, რომ თუ მას მიაჩნდა, რომ არ შეეძლო ყოფლიყო მინისტრის მოადგილე მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს, რატომ შეუძლია, რომ დღეს ისევ ჩადგეს „ქართული ოცნების“ სამსახურში, ოღონდ ახლა უკვე როგორც მინისტრი. ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა და თუ შეიცვალა, მხოლოდ გაუარესდა,” – აღნიშნა ბოკუჩავამ.