„ასეთი განაცხადი NATO-ს ოფიციალურად არასოდეს არ გაუკეთებია. არც რომელიმე მის ორგანოს – არც სამიტს და არც ერთ ტექსტში, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ რეზოლუციაში, ასეთი რამ, არ წერია“, – ამ განცხადებით „ფორტუნასთან“ საუბრისას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებს, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი და რომ ეს NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრებაა.“
თინა ხიდაშელის თქმით, მსგავსი რამ ალიანის ვერც ერთ დოკუმენტში ვერ იქნება და ვერც ეწერება ძალიან მარტივი მიზეზის გამო: თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელიც თავის განცხადებებს დილა-საღამოს ცვლის, NATO-ში თავიანთ განცხადებებსა და მოქმედებებს, პატივს სცემენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ტაქტიკა და გამოცდილება.“
„გერმანიის NATO-ში წევრობა როგორც დაიწყო და როგორც გაგრძელდა ცივი ომის პირობებში, NATO-ს მხრიდან ასეთი არგუმენტის არსებობას გამორიცხავს, ამიტომ ასეთი არგუმენტი არასოდეს ყოფილა და ის ქაღალდზე არ დაიწერება, არც ოფიციალურად არ ითქმება“, – უთხრა „ფორტუნას“ თინა ხიდაშელმა.
ჩვენს კითხვაზე, ყოფილა თუ არა, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თუნდაც პირად საუბრებში, ოკუპირებული ტერიტორიები ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო განსახილველი თემა, ხიდაშელმა გვითხრა, რომ ასე რამ არასოდეს მომხდარა, ვინაიდან საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ქოლგის ქვეშ მოხვედრა, კომპრომისებს მოიცავს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ NATO ქვეყნის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ოფიციალური საზღვრებით: აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით მიიღებს, თუმცა ამ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე.
შენიშვნა: მე-5 მუხლი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედად ითვლება და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. ეს მუხლი ამბობს, რომ NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას NATO-ს წევრ ყველა ქვეყანაზე.
„არასოდეს არ ყოფილა, რადგან ყოველთვის იყო იმის გაგება, რომ თუკი დღეს, ამ ვითარებაში, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი დადგება, მაშინ ყველას მოგვიწევდა კომპრომისების გზით სიარული და ქართული კომპრომისი ამ მხრივ, NATO-სთვის, ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენ მზად ვიყავით და ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, NATO-ს წევრები გავმხდარიყავით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე.
საქართველოში ოფიციალური საზღვრებით: აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით, მაგრამ მათზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე, ამიტომ შესაბამისად, ეს საკითხი NATO-ს დღის წესრიგში არც არასოდეს დამდგარა“, – განუცხადა „ფორტუნას“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თინა ხიდაშელს შეფასება ვთხოვეთ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებული განაცხადებაა, რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ „მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში – ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე.“
ხიდაშელის მოსაზრებით, რა თქმა უნდა, მშვიდობა ყველა ქვეყნის ნომერ პირველი ამოცანაა და შეუძლებელია, რომ საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი იყოს. პრობლემა კი მისი შეფასებით ისაა, რომ როდესაც ქვეყნის წარმომადგენელი ამ განცხადებას აკეთებს, იქ მუდმივად რჩება გაუგებრობა, გაურკვევლობა, კითხვის ნიშნები იმაზე, თუ რის გადახდას აპირებენ საამისოდ:
„მაგალითად, თურქმენეთში არც ერთი თოფი არ გავარდნილა და არც ერთი ტყვია არ გაუსროლიათ, სულ მშვიდობაში ცხოვრობენ, მაგრამ არ მგონია, რომ გუშინ, თბილისში გამოსულ მოქალაქეებს იმ ქვეყნის ბედის გაზირება უნდოდეთ, რომელშიც ქვეყნიდან გასვლისთვის ვიზა სჭირდებათ. სხვა ქვეყანა რომ დატოვონ კი არა, საკუთარი ქვეყანა რომ დატოვონ, ამისთვის სახელმწიფოს ნებართვა და ვიზა სჭირდებათ.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ამ სიტყვებს ვისვრით, მშვიდობა, ომი, სადღაც ინტეგრაცია, რაღაცაზე კი და რაღაცაზე არა, ყოველთვის ვიცოდეთ კონტექსტი. ხელისუფლება კი ვალდებულია, ეს კონტექსტი მუდმივად გითხრას, რადგან არ არის ასე რთული დასანახი, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდგომ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაღაც სასაცილოც აღარ არის, ისეთი საუბარია“, – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.
მისი შეფასებით, საქართველოს ერთადერთი შანსი, მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის, როგორმე მივაღწიოთ და უსაფრთხოების საერთაშორისო ქოლგა გადაგვეფაროს, რომელიც აგრესორი მეზობლისგან დაგვიცავს.
„ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დანარჩენი ქვეყანა გარანტირებულად იქნება დაცული და მხოლოდ იმის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რა დროში, რა ფორმითა და რა შესაძლებლობებით მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. მანამდე, ვიდრე დანარჩენ ქვეყანასაც საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, სასაცილოა“, – გვითხრა ხიდაშელმა.
დასმულ კითხვაზე კი, რა ტიპის სტრატეგიაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო საიმისოდ, რომ NATO-ში გაწევრიანებისკენ მისწრაფების გზაზე, ქვეყნის სურვილი უფრო მკაფიო და ღია იყოს, თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მინიმუმ ოფიციალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს გვინდა.
„2016 წლის შემდეგ, თუ თქვენ ოფიციალური განაცხადის თუნდაც ერთ მაგალითს მომიყვანთ, იქნებოდა ეს სამიტებზე, მინისტერიალებზე თუ რომელიმე სხვა ფორმატში, ვიტყვი, რომ რაღაც შემეშალა, მაგრამ არ არსებობს ასეთი განაცხადი.
საქართველოს ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია ღიად, ოფიციალურად, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ეს არ უთქვამს. (კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას, რომ რომელიღაც ინტერვიუში იტყვიან, რომ კი, NATO-ში გვინდა).
აი თუნდაც: მადრიდის სამიტია და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი, თავდაცვის და საგარეოს მინისტრები NATO-ს წევრ ქვეყნებში მოძრაობდნენ და „ლობირებდნენ“, პრემიერი ამ ბოლო დროს, ძირითადად, არაბეთში დადის, დღესაც ყატარში იმყოფება და ამ განცხადებას იქიდან აკეთებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეძებს არგუმენტებს და მერე ამ არგუმენტებით საჯაროდ ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ არ უნდა გახდეს საქართველო NATO-ს წევრი.
არ ვიცი, ამ ფონზე, ძალიან ძნელია იმის ლაპარაკი, რომ აი, მეტი რა უნდა გაკეთდეს. მეტი კი არა, პირველ რიგში, ეს უნდა გაკეთდეს: ძალიან ბევრი პარტნიორი გვეუბნება, რომ საქართველოდან ეს მოთხოვნები საერთოდ აღარ ესმით. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, ოფიციალური შეხვედრების დროს, პირად საუბრებშიც კი აღარ საუბრობენ.“ – უთხრა „ფორტუნას“ თინა ხიდაშელმა.