ბავშვის ენობრივი და მეტყველების განვითარების შეფასებისას მშობელმა, პირველ რიგში, ბავშვის კომუნიკაციის სურვილს უნდა მიაქციოს ყურადღება, – ამის შესახებ ენისა და მეტყველების თერაპევტმა თინათინ ანთიძემ გვანცა დარასელიას პოდკასტში ისაუბრა.
„ამ შემთხვევაში, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, პირველ რიგში გამოვყოფდი კომუნიკაციის სურვილს. რამდენად აქვს ბავშვს ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი? თუ ბავშვი მოდის, გვიყურებს თვალებში, ჟესტებით ცდილობს რაღაც გაგვაგებინოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, საკომუნიკაციო პარტნიორი (მშობელი იქნება თუ თანატოლი) გაუგებს თუ არა. ამიტომ კომუნიკაცია არის პირველი ნაწილი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განმარტავს სპეციალისტი.
მისივე თქმით, ბავშვის მარტო თამაში თავისთავად პრობლემაზე არ მიუთითებს, რადგან ეს ტიპური განვითარების ბავშვებისთვისაც დამახასიათებელია. საყურადღებოა შემთხვევა, როდესაც სხვებთან ურთიერთობის სურვილის ნაკლებობა ხშირია და ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებაზეც აისახება.
თინათინ ანთიძე ასევე აღნიშნავს, რომ ენობრივ სირთულეებს ზოგჯერ ქცევითი სირთულეებიც ახლავს. ბავშვს შესაძლოა სურდეს მშობლისთვის რაღაცის თქმა, თუმცა საკუთარი სურვილის გადმოცემას ვერ ახერხებდეს, რასაც გაღიზიანება და რთული ქცევა მოჰყვება.
სპეციალისტის განმარტებით, მსგავსი ნიშნები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს განვითარების დარღვევა აქვს. სპეციალისტის ჩართვის მიზანი მდგომარეობის სწორად შეფასება და მშობლისთვის შესაბამისი მიმართულების მიცემაა. ზოგიერთ შემთხვევაში კი თერაპიის ნაცვლად შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მშობლის მიდგომისა და ბავშვთან კომუნიკაციის ფორმის შეცვლა.
